ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

19.03.2020 სხდომის შედეგები

19 მარტი, 2020

კომისიის 19 მარტის საჯარო სხდომაზე კომისიამ დღის წესრიგით გათვალიწინებულ საკითხებზე იმსჯელა. საკითხების უმრავლესობა წყალმომარაგების კომუნალური მომსახურების კომპანიასა და მომხმარებლებს შორის დავებს ეხებოდა. 

დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის მიზნით, კერძოდ, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ სალიცენზიო არეალს დამატება კიდევ 55 დასახლებული პუნქტი. 

კომისიის გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება "საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე", რომელიც ითვალისწინებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოწოდებისა და მოხმარების წესებში ცვლილებების შეტანას. ცვლილებათა პაკეტი ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციას უკავშირდება. ახალი რეგულაციის მიხედვით, ფორს-მაჟორის დროს მომხმარებლის მიერ მრიცხველის წაკითხვის დისტანციური წესის გამოუყენებლობის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილი იქნება მოხმარებული ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა თუ სასმელი წყლის ოდენობა დაიანგარიშოს შესაბამისი მომხმარებლის მიერ წინა პერიოდში (წინა წლის იმავე თვეში ან წინა წლის მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში) დაფიქსირებული მოხმარების მიხედვით. განსხვავება ფაქტობრივ (მომხმარებლის მიერ რეალურად მოხმარებული) და დარიცხულ (წინა პერიოდის მოხმარების მიხედვით დარიცხული) მოხმარებას შორის უნდა გასწორდეს/გადაანგარიშდეს მრიცხველის ფაქტობრივი ჩვენების შესაბამისად.

ასევე, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის განაწილების, გატარებისა და მოხმარების გრძელვადიანი ტარიფების დადგენის მიზნით. საკითხთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების მიერ კომისიაში წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2020 წლის 22 აპრილი, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის, კომისიის გადაწყვეტილებების მიღების ბოლო ვადად - 2020 წლის 30 ივნისი.