ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

06.03.2020 რელიზი

6 მარტი, 2020

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინიციატივითა და აშშ-საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ენერგეტიკული პროგრამის ორგანიზებით, კომისიაში ინვესტორთა საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრაზე სიტყვით წარდგნენ კომისიის წევრი მაია მელიქიძე, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი, USAID-ის ენერგეტიკის პროგრამის ხელმძღვანელი დანიელ პოტაში. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კომისიის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის, კომპანიების, ბიზნეს სექტორის, საფინანსო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს კომისიის ინიციატივა  ე.წ. "ნეტო აღრიცხვის" რეგულაციის ფარგლებში 1000 მზის პანელის პროგრამის შესახებ, ასევე ისაუბრეს ამ მიმართულებით აშშ-ში არსებულ გამოცდილებაზე. ინიციატივა გულისხმობს მცირე გენერაციის განვითარებასა და საცხოვრებელი კორპუსების სახურავებზე მზის პანელების დამონტაჟების ხელშეწყობას.  აღნიშნულის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა კომისიის წარმომადგენელმა, ზვიად გაჩეჩილაძემ. 

მაია მელიქიძემ ყურადღება გაამახვილა განახლებადი ენერგიების განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ქვეყნის სწორ პოლიტიკაზე: „შეხვედრის მიზანს წარმოადგენს საქართველოს მთავრობისა და მარეგულირებელი კომისიის დახმარება განახლებადი ენერგიების განვითარების მარეგულირებელი გარემოს დახვეწისა და დარგში საინვესტიციო კლიმატის მიმზიდველობის გაუმჯობესების კუთხით. ასეთი ტიპის შეხვედრები იძლევა შესაძლებლობას სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად ვიმსჯელოთ განახლებადი ენერგიების განვითარების მიმართულებით არსებულ სიახლეებსა თუ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე.  განახლებადი ენერგიების საყოფაცხოვრებო პირობებში გამოყენების გამარტივების კუთხით კომისია ამჟამად მუშაობს „ნეტო აღრიცხვის“ სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრის 100კვტ-დან 500 კვტ-მდე გაზრდაზე, რაც მომხმარებლებს მისცემს შესაძლებლობას საკუთარი მოხმარებისთვის გაზრდილი რაოდენობის ელექტროენერგია აწარმოონ და ამით შეამცირონ გამანაწილებელი კომპანიის ქსელიდან მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა“, - აღნიშნა კომისიის წევრმა.

„ნეტო აღრიცხვა“ განახლებადი ენერგიების საყოფაცხოვრებო პირობებში გამოყენების უნიკალური შესაძლებლობაა, რომელიც საქართველოს ენერგეტიკის სექტორში კომისიის ინიციატივით დაინერგა. კერძოდ, საკუთარი მოხმარებისათვის, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების - მზის, ქარის, წყლის, (მათ შორის ჩამდინარე წყალი) ენერგიების გამოყენებით, საჭირო რაოდენობა მოიხმაროს, ხოლო ჭარბი რაოდენობა მიაწოდოს შესაბამისი გამანაწილებელი კომპანიის ქსელს. ქსელისათვის მიწოდებული ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგიის გამოყენება მომხმარებლის მიერ ნებისმიერ პერიოდშია შესაძლებელი.

დღეისათვის „ნეტო აღრიცხვის“ სისტემაში არსებული მონაცემებით 158 ობიექტია ჩართული. მათ შორის სს „თელასის“ გამანაწილებელი ქსელში 70 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში - 88 სადგური. ჯამში, გამანაწილებელ ქსელებში ჩართული სადგურების საერთო დადგმული სიმძლავრე შეადგენს 2 .1 მგვტ-ს.