ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველი ვერსიის სანახავად დააჭირეთ აქ

23.12.2019 ინფორმაცია

23 დეკემბერი, 2019

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ და სს „თელასმა“ ახალი ენერგეტიკული პროექტი განახორციელეს. პროექტის მიზანია ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტისა და სხვა სტრატეგიული ობიექტების ელექტროენერგიით საიმედო და უწყვეტი მომარაგების უზრუნველყოფა.

სტრატეგიული ობიექტების უწყვეტი ენერგომომარაგების საკითხზე კომისიაში არაერთი სხდომა და სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კომისიის გადაწყვეტილებით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და სს „თელასს“  დაევალათ 2020 წლის 1 იანვრამდე უზრუნველეყოთ ახალი 35 კვ ძაბვის ეგხ-ს მშენებლობა ქვესადგურ „ნავთლუღი 220“-დან სს „თელასის“ კუთვნილ „აეროპორტის ქვესადგურამდე“. ერთობლივი პროექტის ფარგლებში აშენდა 8.3 კმ-იანი ახალი საკაბელო ხაზი, მოეწყო და თანამედროვე აპარატურით აღიჭურვა 35 კვ. ძაბვის ორი სახაზო უჯრედი.

ახალი ენერგო პროექტის პრეზენტაციაზე კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია სიტყვით წარსდგა და ვრცლად  ისაუბრა კომისიის გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე. ყურადღება გაამახვილა პროექტის განხორციელების აუცილებლობასა და სტრატეგიული ობიექტების საიმედო ენერგომომარაგების უზრუნველყოფაზე.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ კომისიის წევრები. დავით ნარმანიასთან ერთად პროექტი წარადგინეს  სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ უჩა უჩანეიშვილმა და სს „თელასის“ გენერალურმა დირექტორმა, სერგეი კობცევმა.