ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

30.12.2019 რელიზი

30 დეკემბერი, 2019

კომისიამ „ენგურჰესის“, „ვარდნილჰესების კასკადის“ ელექტროენერგიის წარმოებისა და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“  ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფები შეამცირა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები შეამცირა. ასევე, შემცირდა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფი. შემცირება (კორექტირება) განპირობებულია მოქმედი სატარიფო მეთოდოლოგიის პრინციპებით.

 ახალი ტარიფები ძალაში იქნება 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

30 დეკემბრის საჯარო სხდომაზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით შპს „ენგურჰესისთვის“ ელექტროენერგიის წარმოების ახალი ტარიფი  შეადგენს 1.358 თეთრი/კვტ.სთ-ს. (2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედი ტარიფი შეადგენს 1.818 თეთრი/კვტ.სთ-ს. ახალი ტარიფი შემცირებულია 0.460 თეთრით).

შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ ელექტროენერგიის წარმოების ახალი ტარიფია 2.206 თეთრი/კვტ.სთ. (2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედი ტარიფი შეადგენს 4.002 თეთრი/კვტ.სთ-ს. ახალი ტარიფი შემცირებულია 1.796 თეთრით).

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ახალი ტარიფი განისაზღვრა 1.013 თეთრი/კვტ.სთ-ით. (2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედი ტარიფი შეადგენს 1.323 თეთრი/კვტ.სთ-ს. ახალი ტარიფი შემცირებულია 0.310 თეთრით).