ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველი ვერსიის სანახავად დააჭირეთ აქ

26.10.2018 რელიზი

26 ოქტომბერი, 2018

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ენერგეტიკულ კანონმდებლობაში ევროპულ რეგულაციებს ნერგავს. 26 ოქტომბრის საჯარო სხდომაზე კომისიის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის ქსელის წესებს ე.წ. „გამჭვირვალობის რეგულაცია“ დაემატა, რომელიც ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე მონაცემების ხელმისაწვდომობასა და  გამოქვეყნების ვალდებულებას შეეხება. კომისიამ პირველად განახორციელა ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს კონკრეტული რეგულაციის სრული ტრანსპოზიცია ეროვნულ კანონმდებლობაში.

 ახალი რეგულაციის დანერგვით, გადაცემის სისტემის ოპერატორს დაეკისრა ვალდებულება რეგულარულად გამოაქვეყნოს და დაინტერესებული მხარეებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს "გამჭვირვალობის რეგულაციით" გათვალისწინებული ინფორმაცია ელექტროენერგეტიკული სისტემისა და ბაზრების ტექნიკური და კომერციული მახასიათებლების შესახებ.  აღნიშნული ინფორმაციის გახსნილობა ხელს შეუწყობს  ელექტროენერგეტიკული ბაზრის გახსნილობას,  სამართლიან და გამჭვირვალე თამაშის წესების დამკვიდრებას, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებითა და ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით აღებული ვალდებულებების შესრულებას.

 „გამჭვირვალობის რეგულაციით“ გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნდება  გადაცემის სისტემის ოპერატორის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gse.com.ge), ასევე ელექტროენერგიის გადაცემის სისტემის ოპერატორების ევროპული ქსელის (ENTSO-e) ცენტრალური გამჭვირვალობის პლატფორმაზე (https://transparency.entsoe.eu).