ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველი ვერსიის სანახავად დააჭირეთ აქ

ინფორმაცია ინვესტორისთვის

საინვესტიციო გარემო საქართველოში

 

მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ 2019 წლის ანგარიშის თანახმად, ბიზნესის კეთების სიმარტივით  საქართველო მე-6 ადგილს იკავებს და, შესაბამისად, წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქვეყანას ინვესტიციების განსახორციელებლად. ვინაიდან ენერგეტიკული სექტორი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ამ სფეროში ინვესტორებს შეუძლიათ ისარგებლონ განსაკუთრებულად ხელსაყრელი პირობებით. გარდა ამისა, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებიდან და „ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ” ოქმიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების მიზნით, ქვეყანაში ხორციელდება მასშტაბური რეფორმები ენერგეტიკულ სექტორში, რაც შექმნის ინვესტიციების წახალისების დამატებით მექანიზმებს, დაახლოებს საქართველოს ენერგეტიკულ ბაზრებს ევროპულ ენერგეტიკულ ბაზრებთან, ხოლო კანონმდებლობას კიდევ უფრო გამჭვირვალესა და ეფექტიანს გახდის.

ინვესტორებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ კონცესიით იმ პროექტების განხორციელებისას, რომლებიც, საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,  წარმოადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტს. კონცესიის ხელშეკრულების საფუძველზე, კონცესიონერი მის მიერ გაწეული საჯარო მომსახურების სანაცვლოდ, ანაზღაურებას პირდაპირ ან ირიბად იღებს საბოლოო მომხმარებლისგან ან საჯარო პარტნიორისა და საბოლოო მომხმარებლისგან. კანონი ხაზს უსვამს ენერგეტიკული სექტორის განვითარების მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკისათვის და მხოლოდ ენერგეტიკის სექტორში უშვებს სახელმწიფოს მირ კერძო პარტნიორის შერჩევას პირდაპირი მოლაპარაკების გზით. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესი განისაზღვრება  საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილებით. შესაძლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირებასა და უფლებამოსილი ორგანოსთვის შეთავაზებას, აგრეთვე სხვა დაკავშირებული ფუნქციების გაწევას უზრუნველყოფს  საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო.

რაც შეეხება იმ პროექტებს, რომლებიც არ წარმოადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტს, მათი განხორციელების წესი რეგულირდება საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის №515 დადგენილებით. დადგენილება არეგულირებს მთავრობასა და ინვესტორს შორის პროექტის განხორციელების თაობაზე ხელშეკრულების/მემორანდუმის გაფორმებას, რომელიც, შეიძლება, მოიცავდეს ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ან/და მშენებლობას. დადგენილება ასევე განსაზღვრავს პროექტის განმახორციელებელი პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელ მიწის ნაკვეთზე უფლებების გადაცემის პირობებს. გარდა ამისა, დადგენილების თანახმად, მთავრობა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ლიცენზიებისა და ნებართვების აღებაში პროექტის განმახორციელებელი პირის მხარდაჭერას.

ენერგეტიკული სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობა

საქართველოში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების ძირითად მარეგულირებელ საკანონმდებლო ჩარჩოს ქმნის „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტები, მათ შორის:  ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესები“, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების მარეგულირებელი „მიწოდებისა და მოხმარების წესები“, „ქსელის წესები“, „ბუნებრივი გაზის ქსელის წესები” და სხვა. რაც შეეხება ენერგეტიკული ბაზრების რეგულირებას, შესაბამის წესებს განსაზღვრავს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები“ და „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესები“.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროში კომისია უსასყიდლოდ გასცემს შემდეგი სახის ლიცენზიებს[1]:

  • ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია;
  • ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზია;
  • ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზია;
  • ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზია;
  • ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია;
  • ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია;
  • წყალმომარაგების ლიცენზია.

აღსანიშნავია, რომ  „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონი კრძალავს ერთ ტერიტორიულ ერთეულში (ქალაქი, დაბა, სოფელი) ორი ან მეტი განაწილების ლიცენზიის ან წყალმომარაგების ლიცენზიის გაცემას.

„ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დასაშვებია წინასწარი ლიცენზიების გაცემა. წინასწარი ლიცენზია ძალაში შედის მას შემდეგ, რაც ლიცენზიის მფლობელი წარადგენს დადგენილი სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელ დოკუმენტებს.  წინასწარი ლიცენზიის გაცემის ვადები და წესი განისაზღვრება წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის გაცემის ვადებისა და წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 ოქტომბრის №232 დადგენილებით.

კომისიის მიერ ლიცენზიის გაცემას არ საჭიროებს ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის მიერ ელექტროენერგიის მიწოდება, 13 მეგავატამდე საპროექტო სიმძლავრის მქონე ელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის წარმოება, ბუნებრივი გაზის მიწოდება, აგრეთვე, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის იმპორტი და ექსპორტი.

ელექტროენერგეტიკული სექტორი

საქართველოში ტარიფის დადგენის გარეშე საქმიანობს შემდეგი ელექტროსადგურები:

ა) ელექტროსადგური, რომელიც აშენებულია 2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ და არ არის გარანტირებული სიმძლავრის წყარო;

ბ) ელექტროსადგური, რომლის საპროექტო სიმძლავრე 40 მეგავატს არ აღემატება და რომელიც არ არის გარანტირებული სიმძლავრის წყარო.

ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირებას უზრუნველყოფს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი (ესკო). ელექტროენერგიის ბაზარი წარმოადგენს სწრაფად განვითარებად სფეროს, რაც, სწორი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ასევე გამოიხატება პირდაპირი მომხმარებლების, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლებისა და პირდაპირი ხელშეკრულებების რაოდენობის ზრდაში. პირდაპირი მომხმარებლების კრიტერიუმი განისაზღვრება „ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისთვის სავალდებულო კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის N18 დადგენილებით.

საქართველო ელექტროგადამცემი ხაზებით დაკავშირებულია ყველა მეზობელ ქვეყანასთან. ელექტროენერგიის მიმოცვლა ხორციელდება საქართველოდან რუსეთში, თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში და პირიქით; ასევე, რუსეთიდან თურქეთში, აზერბაიჯანიდან თურქეთში. ელექტროენერგიის გადაცემასა და ტრანზიტს უზრუნველყოფს სს „საქრუსენერგო“, შპს „ენერგოტრანსი” და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, რომელიც, ამავდროულად, წარმოადგენს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და გადამცემი სისტემის ოპერატორს. ელექტროენერგიის მწარმოებლის ქსელზე მიერთება რეგულირდება კომისიის მიერ დამტკიცებული „ქსელის წესებით“.