ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველი ვერსიის სანახავად დააჭირეთ აქ

ნეტოაღრიცხვა

 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის რეგულირება (ე.წ. ნეტო აღრიცხვა)

თუ თქვენ ფლობთ მზის, ქარის, ჰიდრო ან/და სხვა განახლებადი ენერგიის წყაროზე მომუშავე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურს, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს, შეგიძლიათ პარალელურ რეჟიმში ჩაერთოთ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში და ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია მიაწოდოთ გამანაწილებელ კომპანიას. ეს საშუალებას მოგცემთ დაიკმაყოფილოთ საკუთარი მოხმარება, დაზოგოთ თქვენი კომუნალური ხარჯები, და მეტიც, მიიღოთ სარგებელი გამანაწილებელი კომპანიისაგან. ასევე, გამოიმუშაოთ სუფთა ენერგია გარემოზე მავნე ზემოქმედების გარეშე.

ნეტო აღრიცხვა ეს არის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ქსელში გადადინებისა და ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის ორმხრივად (რივერსულად) აღრიცხვის პროცესი, რა დროსაც წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგია ერთმანეთს ქვითავს.

 

ნეტო აღრიცხვით სარგებლობა შეუძლიათ ფიზიკურ პირებს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას, უბნის, დასახლების ან/და სოფლის მაცხოვრებლებს და არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას.  მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური შესაძლოა არ წარმოადგენდეს ამ მომხმარებლ(ებ)ის საკუთრებას და იმყოფებოდეს მის/მათ დროებით მფლობელობაში, ხელშეკრულების საფუძველზე იჯარის, ლიზინგის ან სხვა ფორმით. ამასთან, აუცილებელი პირობაა, რომ ეს მომხმარებელი ან მომხმარებლები ელექტროენერგიით უნდა მარაგდებოდნენ საერთო სატრანსფორმატორო პუნქტიდან.  

მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელში ჩასართავად განაცხადით უნდა მიმართოთ გამანაწილებელ კომპანიას. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელზე მიერთება ხორციელდება გამარტივებული პროცედურით - ერთი ფანჯრის პრინციპით. კომპანია ვალდებულია მომხმარებლის ქსელზე მიერთების განაცხადის მიღების შემდეგ არსებული მრიცხველის ნაცვლად დაგიმონტაჟოთ რევერსული მრიცხველი, რომლის საშუალებით ქსელიდან მიღებული და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით გამომუშავებული ენერგია აღირიცხება. გამანაწილებელი კომპანია ვალდებულია მიიღოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ქსელში და ანგარიშსწორება მომხმარებელთან აწარმოოს მიწოდებული და მომხმარებელი ელექტროენერგიის გაქვითვით მიღებულ სალდოზე.

 

პროცედურები:

 იხილეთ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მიკრო სიმძლავრის ელექტრო სადგურთან დაკავშირებული მუხლები

 

  • თუ თქვენ გსურთ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება, შესაბამისი განაცხადით უნდა მიმართოთ გამანაწილებელ კომპანიას. კომპანია სრული ტექნოლოგიური ციკლით მოგემსახურებათ შესაბამისი საფასურის გადახდის პირობით, რომელიც განსაზღვრულია კომისიის მიერ. (იხილეთ დანართი 7). განაცხადის წარდგენამდე თქვენ უნდა გადაიხადოთ საფასურის 50%, ხოლო დანარჩენი თანხა სამუშაოს დასრულებიდან 5 დღის ვადაში; (იხილეთ წესების 251მუხლის მე-4 და მე-11 პუქტები)
  • განაცხადის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გამანაწილებელმა კომპანიამ უნდა დაადგინოს განაცხადისა და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაცნობოთ ამის შესახებ. თუ კომპანია დადგენილ ვადაში არ მოახდენს რეაგირებას, განაცხადი მიღებულად ჩაითვლება კომპანიის მიერ განაცხადის მიღების დღიდან; (იხილეთ წესების 25მუხლის მე-5 პუნქტი)
  • ქსელში ჩართვამდე გამანაწილებელმა კომპანიამ უნდა შეამოწმოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელში ჩართვის სქემა და ავტომატური მართვის ტექნიკური გამართულობა. ტექნიკური გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში წერილობით გაცნობოთ. დაუშვებელია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელთან მიერთება ხარვეზის გამოსწორებამდე.

აღრიცხვა:

მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული და გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის ოდენობა აღირიცხება ცალ-ცალკე, ორმიმართულებიანი (რევერსული) მრიცხველით. (იხილეთ წესების 252 მუხლის მე-2 პუნქტი)

  • თუ საანგარიშო პერიოდში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურმა ჭარბად გამოიმუშავა ენერგია და თქვენს მიერ ქსელში გადადინებული რაოდენობა აღემატება ქსელიდან მიღებულ ენერგისა, სხვაობა, ანუ ჭარბი ელექტროენერგია, ჩაითვლება მომხმარებლის მიერ ქსელში მიწოდებულ ენერგიად და მომდევნო თვის ქვითარში აისახება კრედიტის სახით;
  • თუ საანგარიშო პერიოდში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და კრედიტის სახით ქვითარში ასახული (გამანაწილებელ ქსელში გადადინებული) ელექტროენერგიის ჯამური რაოდენობა ნაკლები იქნება ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე, აღნიშნული სხვაობა ჩაითვლება ქსელიდან შესყიდულ ელექტროენერგიად და დაგერიცხებათ შესაბამისი ძავბის/საფეხურის სამომხმარებლო ტარიფით;

  • საანგარიშო წლის (მაისიდან-მაისამდე) ბოლო თვის ანგარიშსწორების ქვითარში კრედიტის სახით ასახული ელექტროენერგია ჩაითვლება გამანაწილებელი კომპანიის მიერ შესყიდულად. შესაბამისად, კომპანია თქვენთან მოახდენს საბოლოო ანგარიშსწორებას, კომისიის მიერ გამანაწილებელი კომპანიისათვის დადგენილი შესყიდული ელექტროენერგიის ტარიფის შესაბამისად;

  • კალენდარული წლის დამთავრების შემდეგ, ქვითარში კრედიტის სახით ასახული ქსელში მიწოდებულ ელექტროენერგიაზე დარიცხული თანხა შესაძლებელია აისახოს თქვენს სააბონენტო ბარათზე და გამოყენებულ იქნეს მომდევნო ანგარიშსწორებისას ან, თქვენივე მოთხოვნის შემთხვევაში, 3 სამუშაო დღის ვადაში კომპანია გადარიცხავს თქვენს მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე;
  • მომხმარებელთა ჯგუფის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ჯგუფის თითოეულ წევრთან ინდივიდუალურად ახდენს ანგარიშსწორებას. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია თანაბრად ნაწილდება ჯგუფის წევრებზე, თუ მათ შორის სხვა რაიმე შეთანხმება არ არის.

განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტიანობის საკითხებს განსაზღვრავს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონი და ასევე, საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული დადგენილება საქართველოს ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“. განახლებადი ენერგიის ათვისების ხელშეწყობის მიზნით 2016 წელს კანონში შევიდა ცვლილება, რის საფუძველზეც განისაზღვრა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსი (საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული განახლებადი ენერგიის წყარო) და მისი მაქსიმალური სიმძლავრე, აგრეთვე საცალო მომხმარებლის საკუთრებაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ განაწილების ქსელში ელექტროენერგიის მიწოდების პრინციპები. 

ამ ცვლილებების საფუძველზე, კომისიამ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებში განსაზღვრა მიკროსიმლძავრის ელექტროსადგურის სტატუსი, მისი გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ვადების, საფასურისა (დღგ-ს ჩათვლით) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ საცალო მომხმარებელთან აღრიცხვა-ანგარიშსწორების წესები.