07.04.2022 რელიზი

7 აპრილი, 2022

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) ლექცია წაიკითხა. მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ სტუდენტებს გააცნო კომისიის ფუნქციები, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებული მდგომარეობა, ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობის აუცილებლობაზე.  

„მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებით ახალგაზრდების, სტუდენტების დაინტერესება. ენერგეტიკას საქართველოში აქვს განვითარების დიდი პოტენციალი და ამ კუთხით, ახალგაზრდების ჩართულობა, მათი იდეების გენერირება სექტორის მუდმივი ზრდისთვის აუცილებელია. მოხარული ვარ, რომ მქონდა  ლექცია ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში, სადაც ხარისხიანი სწავლისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი. გამოიკვეთა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტთა დაინტერესება  ენერგეტიკის მიმართ დიდია და ჩვენ ვეცდებით, რომ მათი ინტერესის ზრდას შევუწყოთ ხელი, მარეგულირებელ კომისიასა და უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.  

მარეგულირებელ კომისიასა და  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები გამოხატავენ მზადყოფნას ხელი შეუწყონ უნივერსიტეტის სტუდენტებს კომისიაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლაში, კვალიფიკაციის ამაღლებაში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მიმართულებით. მხარეები ითანამშრომლებენ სხვადასხვა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საკითხთან დაკავშირებული ერთობლივი პროექტების მოსამზადებლად, ერთობლივი კონფერენციებისა და სამეცნიერო ფორუმების მოსაწყობად.