07.10.2020 რელიზი

7 ოქტომბერი, 2020
კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე USAID-ის ენერგეტიკული პროგრამის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით წარდგა. თავის გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის სექტორში მარეგულირებელი ნორმების ეფექტურობასა და კომისიის როლზე საქართველოს ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით და მადლობა გადაუხადა USAID-ის ენერგეტიკულ პროგრამას ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის. კომისიის თავმჯდომარემ ისაუბრა ენერგეტიკის სექტორში საქართველოს მოკლე, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივებზე. დავით ნარმანიას თქმით, 2020 წელი ენერგეტიკის სექტორისათვის რეფორმირების პირველი წელია, რომელიც ელექტროენერგეტიკის ბაზრის სრულ მოდერნიზებას გულისხმობს.
დავით ნარმანიას განცხადებით, კომისიაში მიმდინარეობს მუშაობა ნორმატიული აქტების ბაზის შექმნაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას. ამ ეტაპისთვის კომისიამ დაამტკიცა ელექტროენერგიის საბითუმო და საცალო ბაზრების წესები, ლიცენზირებისა და ენერგეტიკული საქმიანობის წესები, განცალკევების წესები და სხვა მნიშვნელოვანი მარეგულირებელი ნორმები. კომისიის მიერ მიღებული ნორმატიული აქტები სრულად ითვალისწინებს ევროპულ დირექტივებს. წლის ბოლომდე კომისიაში დაგეგმილია კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი რეგულაციის შემუშავება და დამტკიცება, რომელიც მთლიანობაში შექმნის მყარ საფუძველს, რომ 2021 წლის ივლისიდან სრული დატვირთვით ამოქმედდეს ახალი ბაზრის მოდელი.
USAID-ის ენერგეტიკული პროგრამის ფარგლებში გამართული კონფერენცია გახსნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საჯარო უწყებების, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტები