11.07.2023 რელიზი

11 ივლისი, 2023

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ კომისიის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი უწყებების, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების, საერთაშორისო, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დავით ნარმანიამ ისაუბრა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარებისათვის 2022 წელს მარეგულირებელი კომისიის მიერ შემუშავებული რეგულაციების შედეგებზე:

„2022 წელი მნიშვნელოვანი იყო მარეგულირებელი კომისიისათვის. ენერგეტიკულ ბაზრებზე რეფორმირების პროცესში კომისიამ შეიმუშავა არაერთი ნორმატიული აქტი. აქტიურად ვმუშაობდით მარეგულირებელ ნორმებზე, რომლებიც რეგულირებად სექტორებში მოქმედი კომპანიებისათვის წარმოადგენს სახელმძღვანელო პრინციპებს. ეფექტიანი იყო კომისიის საქმიანობა კომუნალური სერვისების გამარტივებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით. გასული წლის განმავლობაში მარეგულირებელმა მოქალაქეებს ჩამოაწერა უსაფუძვლოდ დარიცხული და ხანდაზმული დავალიანებები, ჯამში ჩამოწერილია მილიონ ლარზე მეტი“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.  

მისივე თქმით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარების, მარეგულირებელი ნორმების სრულყოფის მიზნით მარეგულირებელი კომისია ღიაა ყველა დაინტერესებულ პირთან თანამშრომლობისთვის: „კომისიის ამოცანაა, დაიცვას ბალანსი კომუნალურ კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის. საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს მარეგულირებლის ფუნქციების შესახებ, მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ, რომ შეუძლიათ მომართონ კომისიას, თუ კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.  

დავით ნარმანიამ ისაუბრა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრზე: „მარეგულირებლის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ინფორმირებულობის გაზრდა. სწორედ ამ მიზნით, ჩემი ინიციატივით, გასულ წელს ჩამოვაყალიბეთ კომისიასთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების გადამზადებას რეგულირებად სექტორებთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან თემაზე. დღემდე, ცენტრს უკვე 1000-მდე კურსდამთავრებული ჰყავს, რაც კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს, რომ მსმენელებს შევთავაზოთ ახალი სასწავლო კურსები,“ - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

ღონისძიებაზე თავმჯდომარემ ისაუბრა 2023 წლის გეგმებზე და აღნიშნა მარეგულირებელი კომისიის როლი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში ინოვაციური მიდგომების განვითარებაში. მისი თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, კომისია აქტიურადაა ჩართული მწვანე წყალბადის განვითარებასა და განახლებადი ენერგიების ეფექტიანი ათვისების საკითხებში.