14.02.2023 რელიზი

კომუნალური მომსახურების სფეროში მიმართვიანობის გამარტივების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა და იუსტიციის სახლს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ, ლაშა ლობჯანიძემ.
მემორანდუმის ფარგლებში, იუსტიციის სახლი მარეგულირებელ კომისიას გაუწევს მომსახურებას, რაც გულისხმობს იუსტიციის სახლის მიერ კომისიის სახელზე წარდგენილი ნებისმიერი შინაარსის განცხადების, მათ შორის კომუნალური კომპანიების მიმართ საჩივრის მიღებას. იუსტიციის სახლში ასევე შესაძლებელი იქნება მარეგულირებელი კომისიის მიერ მომზადებული წერილის მიღება.
დავით ნარმანიას თქმით, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებისათვის მარეგულირებელ კომისიასთან და კომუნალურ კომპანიებთან ურთიერთობის გამარტივების მიზნით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.
„მარეგულირებელი კომისია ორიენტირებულია, რომ ეტაპობრივად გაუმჯობესდეს მომსახურების ხარისხი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში. მარეგულირებელსა და იუსტიციის სახლის ერთობლივი ძალისხმევით დღემდე არაერთი პროექტი განხორციელდა, რომელმაც უფრო მეტად გაამარტივა კომუნალური მომსახურებების მიღება. იუსტიციის სახლში გადატანილ კომუნალურ სერვისებს, ახალი მომსახურება დაემატა, კერძოდ, საქართველოს მასშტაბით, მარეგულირებელ კომისიაში წარსადგენი განცხადებისა თუ საჩივრის ჩაბარება შესაძლებელი იქნება იუსტიციის სახლში. რა თქმა უნდა, ამავდროულად, მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია უშუალოდ კომისიასაც მომართოს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.