14.04.2021 რელიზი

14 აპრილი, 2021

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და  „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა. 

მემორანდუმის მიზანია მხარეთა შორის თანამშრომლობის განვითარება და საქართველოში მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის, დანერგვა. ამ მიზნით მხარეები თანხმდებიან, რომ უზრუნველყოფენ ინფორმაციის გაზიარებას, ერთობლივი პროექტების, ღონისძიებების, მრგვალი მაგიდის, კონფერენციებისა და სხვა აქტივობების დაგეგმვასა და განვითარებას.

„მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის პოპულარიზაცია სხვადასხვა სფეროში. მოგეხსენებათ, კომისია განიხილავს სადავო საკითხებს სხვადასხვა სუბიექტს შორის. აქედან გამომდინარე, საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან თანამშრომლობა და ამ კუთხით ინფორმაციის გაზიარება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სადავო საკითხების მოკლე დროში გადაწყვეტასა და მედიაციის გზით მოგვარებას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.    

"მედიაცია დავის გადაწყვეტის უალტერნატივო მექანიზმია. ეს გახლავთ კეთილგონივრული დიალოგის ფორმატი დავის მხარეებს შორის, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა მათი ინტერესის გათვალისწინებით, დავა ორმხრივად სარგებლიანი შეთანხმებით დაასრულონ", - აღნიშნა ირაკლი ყანდაშვილმა.