15.03.2023 რელიზი

14 მარტი, 2023

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ისაუბრა. 

„წელს, პირველად იმართება 6 უწყების ერთობლივი მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეული, რომლის მიზანიცაა სხვადასხვა სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ მომხმარებელთა ერთიანი ინფორმირება. უნდა აღინიშნოს, რომ მარეგულირებელი კომისია, ენერგოომბუდსმენთან ერთად 2014 წლიდან ყოველწლიურად აღნიშნავს 15 მარტს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, სხვადასხვა ღონისძიებებით. კომისიის მხრიდან დიდი ყურადღება ეთმობა მომხმარებელთა უფლებების დაცვას როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე რეგულაციების პრაქტიკაში განხორციელების კუთხით. მარეგულირებელი კომისიის სლოგანი -  „როცა ბალანსი დაცულია“ სრულად ასახავს კომისიისს საქმიანობის პრინციპს. შემუშავებულია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში. მომხმარებელსა და კომპანიებს შორის სადავო საკითხების მარტივი განხილვის პროცედურები უზრუნველყოფისათვის, კომისიაში 2014 წელს ჩამოყალიბდა მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტი, სადაც დღემდე შემოვიდა 20 ათასამდე განცხადება/საჩივარი. მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო 10 ათასზე მეტი ინდივიდუალური გადაწყვეტილება, რომელთა უმეტესობა მომხმარებელთა სასარგებლოდ დაკმაყოფილდა, კომისიის მიერ ჩამოწერილი თანხების ჯამი 25 მილიონ ლარს აღემატება. გარდა ამისა, მარეგულირებლის გადაწყვეტილებებით, კომპანიების მიერ მომხმარებლებზე გაცემულია 2 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის კომპენსაცია.

2019 წელს მარეგულირებელ კომისიას მიენიჭა ISO 9001-2015 ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტი, რომლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია მომხმარებელზე ორიენტაცია. კომუნალური სერვისების მიწოდების გაუმჯობესებისთვის განხორციელდა არაერთი პროექტი. მათ შორის, აღსანიშნავია კომისიასა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც კომუნალური სერვისების მიღება მოქალაქეებს შეუძლიათ ერთიანად, იუსტიციის სახლებში. დავნერგეთ 303#-ის სატელეფონო მომსახურება. ამ სერვისის საშუალებით, შესაძლებელია კომუნალური მომსახურებების შესახებ ინფორმაციის მიღება და კომპანიებისთვის მიმართვა. დღემდე, *303#-ის მომსახურებით 1 მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. დავნერგეთ დავების გამარტივებული განხილვის წესი. საკითხის დროულად გადაჭრის მიზნით, მარტივი დავისას გადაწყვეტილების მიღება ხდება საჯარო სხდომაზე ზეპირი მოსმენის გარეშე, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მომხმარებლის ერთიან პორტალზე, რომელიც მომხმარებელს ერთიან სივრცეში მიაწვდის ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორთან დაკავშირებულ ყველა სერვისს“, -  აღნიშნა დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას. 

13-17 მარტს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და სემეკის, კონკურენციის სააგენტოს, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეული იმართება. კვირეულის ფარგლებში, მარეგულირებელი უწყებები სექტორულად მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს, მიღებულ შედეგებს, არსებულ გამოწვევებს, აღსრულების მექანიზმებს, მომხმარებელთა ინფორმირების ეფექტურ კამპანიებსა და საერთაშორისო გამოცდილებებს განიხილავენ.