15.06.2023 რელიზი

15 ივნისი, 2023

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს „რუსთავის წყალი“ 40,000 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს კომისიის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევა.

მარეგულირებელი კომისიის ელექტრონულ ჟურნალში შპს „რუსთავის წყლის“ ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების განცხადებების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ კომპანია რიგ შემთხვევებში არღვევდა კომისიის მიერ დადგენილ წესებს. კერძოდ, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასურში კომპანია არ ითვალისწინებდა აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასურს, რის გამოც მრიცხველის შეძენასა და მონტაჟს უზრუნველყოფდა განმცხადებელი საკუთარი ხარჯებით.   

მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შესაბამისად, ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება სრული ტექნოლოგიური ციკლით წარმოადგენს წყალმომარაგების ლიცენზიატის ვალდებულებას. წესების მიხედვით, დაუშვებელია სისტემაზე მიერთების უზრუნველყოფისათვის მიერთების მსურველის მიერ რაიმე სახით სამუშაოების განხორციელება. 

კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „რუსთავის წყალს“ დაევალა დაკისრებული ჯარიმის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში. ამასთანავე, კომპანიას მიეცა გაფრთხილება, რომ მსგავსი დარღვევის განმეორების შემთხვევაში გაორმაგებული ჯარიმა დაეკისრება.