17.03.2022 რელიზი

17 მარტი, 2022

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2022 წლის 17 მარტის საჯარო სხდომაზე ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანია შპს „დიდი დიღომი“, კომისიის რეგულაციების დარღვევის გამო, 75 ათასი ლარით დააჯარიმა. კომპანიამ დაკისრებული ჯარიმის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში 10 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს.

დაჯარიმების საფუძველია შპს „დიდი დიღომის“ მიერ მარეგულირებელი კომისიის „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“, „მომსახურების ხარისხის წესების“ მოთხოვნების დარღვევა, უსაფრთხოების ნორმებითა და წესებით დადგენილი პროცედურების გარეშე მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა და გაშვება. შპს „დიდ დიღომს“ განემარტა, რომ დარღვევის განმეორების შემთხვევაში კომპანია ჯარიმის გაორმაგებული ოდენობით დაჯარიმდება. 

ასევე, 17 მარტის სხდომაზე კომისიამ შპს „ქობულეთის წყალი“ სალიცენზიო პირობებისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო, ჯარიმის მაქსიმალური ოდენობით - 75 ათასი ლარით  დააჯარიმა.  კომპანიამ ჯარიმის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში 10 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს.

დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს შპს „ქობულეთის წყლის“ მიერ ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების ქსელზე მიერთების პირობებისა და ვადების დარღვევა. კერძოდ, კომპანიამ 1 წლის ვადაში არ უზრუნველყო განმცხადებლის წყალარინების ქსელზე მიერთება, ამასთანავე, განმცხადებელს დაავალა მიერთებისათვის საჭირო მასალის შესყიდვა, რაც წარმოადგენს კომისიის წესების უხეშ დარღვევას. განმცხადებლის ქსელზე მიერთების პირობებისა და ვადების დარღვევის შესახებ შპს „ქობულეთის წყლის“ განმარტებები კომისიამ მიიჩნია უსაფუძვლოდ და დაავალა, განმცხადებლის წყალარინების ქსელზე მიერთება არაუგვიანეს 2022 წლის 15 აპრილისა. 

შპს „ქობულეთის წყალს“ განემარტა, რომ დარღვევის აღმოუფხვრელობის ან განმეორების შემთხვევაში, მარეგულირებელი კომისია უფლებამოსილია კომპანიას გაორმაგებული ჯარიმა დააკისროს. აღსანიშნავია, რომ კომპანია დარღვევების გამო 2019 და 2021 წლებშიც დაჯარიმდა, რის შესახებაც კომისიის მხრიდან ეცნობა ქობულეთის მუნიციპალიტეტსაც, როგორც კომპანიის მესაკუთრეს. თუმცა, მარეგულირებელ კომისიას  რეაგირების თაობაზე დღემდე მუნიციპალიტეტისგან პასუხი არ მიუღია.