21.05.2020 სხდომის შედეგები

კომისიამ 21 მაისის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა.
ცვლილებები შევიდა „ბუნებრივი გაზის ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში. ასევე, ცვლილებები შევიდა კომისიის 2019 წლის 28 ივნისის N53/1 გადაწყვეტილებაში, რომლის მიხედვითაც სს „თელასის“ მიერ 2018 წელს განხორციელებულ ზოგიერთ საინვესტიციო პროექტზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების შესახებ საექსპერტო დასკვნების წარმოდგენაზე ვადა გაგრძელდა.
დადგინდა ტარიფები შპს „დიღომი ვილა გაზისთვის“ და ბუნებრივი გაზის მოხმარების ტარიფი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 50.692 თეთრი/მ3-ს. რეგულირებადი მიწოდების ზღვრული ტარიფია 34.613 თეთრი/მ3, ტრანსპორტირების ტარიფია 1.895 თეთრი/მ3, განაწილების საქმიანობის - 6.451 თეთრი/მ3. ტარიფები ძალაშია 2023 წლის 1 იანვრამდე.
კომისიამ იმსჯელა სს „თელასის“ მოთხოვნაზე ახალი მომხმარებლების - შპს „მ2 მელიქიშვილზე“ და შპს „ემ სი ჯგუფის“ კუთვნილი ობიექტების გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ვადების გაზრდის თაობაზე.
ასევე, კომისიამ განიხილა მოქალაქე ს. აფრიაშვილსა და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ შორის არსებული დავა წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების ახალი ვადის განსაზღვრაზე.
დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჩირაღდანისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით. აღნიშნულ საკითხზე კომისიაში წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2020 წლის 19 ივნისი, ხოლო ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - დადგენილების გამოცემის ბოლო ვადად - 2020 წლის 2 ნოემბერი.
ასევე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით ქვითარში მისათითებელი ინფორმაციის დაზუსტების თაობაზე. კომისიაში წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 18 ივნისი, ხოლო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 21 აგვისტო.