21.10.2021 რელიზი

21 ოქტომბერი, 2021

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დავალებით შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანიამ“ (თელმიკო) და სს „თელასმა“ მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისში მომხმარებლებზე ზედმეტობით დარიცხული თანხები დააკორექტირეს. კომპანიების მიერ მარეგულირებელ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციით, დაკორექტირებული თანხების ჯამმა 1,321,551 ლარი შეადგინა.  

შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ მიერ გადამოწმდა 649,713 აბონენტზე დარიცხული თანხა, აქედან 189,844 აბონენტს შეეხო ტარიფის საფეხურის კორექტირება. მათ შორის, 135,470 აბონენტზე მეორე საფეხურის ტარიფით განხორციელებული დარიცხვა დაკორექტირდა პირველი საფეხურის ტარიფის დარიცხვით, 43,760 აბონენტს მესამე საფეხურის ტარიფი დაუკორექტირდა მეორე საფეხურის ტარიფით, ხოლო 10,614 აბონენტს მესამე საფეხურის ტარიფი დაუკორექტირდა პირველი საფეხურის ტარიფით. შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ მიერ დაკორექტირებულმა თანხამ 801,807 ლარი შეადგინა. 

სს „თელასის“ მიერ ტარიფის საფეხურისა და შესაბამისად დარიცხვის კორექტირება შეეხო 184,673 აბონენტს, ხოლო დაკორექტირებული თანხის ჯამმა 519,744 ლარი შეადგინა. 165,169 აბონენტს მეორე საფეხურის ტარიფი დაუკორექტირდა პირველი საფეხურის ტარიფით, 12,876 აბონენტს მესამე საფეხურის ტარიფი დაუკორექტირდა მეორე საფეხურის ტარიფით, ხოლო 6,628 აბონენტს მესამე საფეხურის ტარიფი დაუკორექტირდა პირველი საფეხურის ტარიფით.

„კომპანიებმა შეასრულეს კომისიის დავალება. გარდა თანხების დაკორექტირებისა, „თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანიამ“ განახლებული ქოლ ცენტრი გახსნა, რომელიც დღეისათვის გამართულად მუშაობს. მარეგულირებელი კომისიის მიზანია, რომ კომპანიების მომსახურების ხარისხი შეესაბამებოდეს ჩვენს მიერ დადგენილ სტანდარტებს. აქედან გამომდინარე, კომპანიის ნებისმიერ გადაცდომას კომისიის მხრიდან ყოველთვის მოჰყვება კანონშესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.   

შეგახსენებთ, რომ ქ. თბილისში ელექტროენერგიის აბონენტებზე მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისში სისტემურად განხორციელებული არაზუსტი დარიცხვების გამო მარეგულირებელმა კომისიამ შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ 75,000 ლარით, ხოლო სს „თელასი“ - 50,000 ლარით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმა და მოქალაქეებზე განხორციელებული დარიცხვების დაკორექტირება დაავალა.