22.02.2023 რელიზი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ენერგეტიკის კიბერუსაფრთხოების შესახებ USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ორგანიზებით გამართული კონფერენცია გახსნა. დავით ნარმანიამ შეაჯამა ორი დღის განმავლობაში მიმდინარე სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
„ენერგეტიკის სექტორში მდგრადი და ძლიერი კიბერუსაფრთხოება არის უმნიშვნელოვანესი საკითხი. მნიშვნელოვანია კრიტიკული ენერგო ინფრასტრუქტურის კიბერ მედეგობის გაძლიერება და ამ კუთხით, ენერგეტიკის სექტორის სრული დაცვა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია დარგის სპეციალისტების გადამზადებაც. USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ორგანიზებით, ევროკავშირის დაძმობილების პროექტის - „კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში” ფარგლებში გამართული სამუშაო შეხვედრები იყო ნაყოფიერი და ხელი შეუწყო მონაწილეების ინფორმირებულობის დონის გაზრდას, კიბერ რისკების თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი უნარების გამომუშავებას “ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა მარეგულირებელი კომისიის წევრმა, გიორგი ფანგანმა: „კომისიაში აქტიურად მიმდინარეობს დიგიტალიზაციის პროცესი. შემუშავდა დიგიტალიზაციის სტრატეგია, რომელიც მოიცავს მონაცემთა ბაზის დაცვის მექანიზმებისა და კიბერუსაფრთხოების საკითხების გაძლიერებას. კიბერუსაფრთხოება უმნიშვნელოვანესი საკითხია როგორც ზოგადად ენერგეტიკის სექტორისთვის, ასევე მარეგულირებელი კომისიისათვის. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ ამ კუთხით თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ექპერტებთან“, - აღნიშნა გიორგი ფანგანმა.
USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ დაძმობილების პროექტთან „კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში” თანამშრომლობით, 21-22 თებერვალს ენერგეტიკული კიბერ სამაგიდო, ტექნიკური სავარჯიშო ჩატარდა. ტექნიკური და სამაგიდო სავარჯიშოების მიზანს წარმოადგენდა მარეგულირებელი კომისიის, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების, ეროვნული კიბერ უწყებების ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერება, კრიტიკული ინფორმაციის ინფრასტრუქტურის უწყებებში კიბერ რისკების სათანადო შეფასება.