23.08.2022 რელიზი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში ახალი რეგულაციები აამოქმედა. ცვლილებების მიზანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მიერთებების შედეგად სამომხმარებლო ტარიფზე ტვირთის შემცირება.
დამტკიცდა წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების საფასურის გაანგარიშების წესი, რომელიც არეგულირებს სანიტარიული დაცვისა და განაშენიანების რეგულირების გეგმით გათვალისწინებულ ზონაში ქსელზე მიერთების პროცედურებს. წესის მიხედვით, ისეთი მიერთების მოთხოვნის შემთხვევაში, რომელსაც არსებული წყალმომარაგების სისტემა მისი საპროექტო მონაცემებიდან გამომდინარე ვერ აკმაყოფილებს, შესაბამისი წყალმომარაგების სისტემის მოწყობამდე წყალმომარაგების ქსელზე მიერთება იკრძალება. წყალმომარაგების სისტემის გაძლიერებისთვის, შესაბამისი ქსელის მშენებლობას უზრუნველყოფს წყალმომარაგების ლიცენზიატი, დაინტერესებული პირის მიერ წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების საფასურის წინსწრებით გადახდის შემდეგ, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. აღნიშნული სიახლე, ძირითადად, ეხება დიდ პროექტებს რომელთა მიერ წყალმომარაგების ქსელზე მოთხოვნილი მისაერთებელი სიმძლავრის დასაკმაყოფილებლად საჭიროა არსებული წყალმომარაგების სისტემის გაძლიერება, რაც საფასურის დადგენის გარეშე ტვირთად დააწვებოდა სასმელი წყლის წყალმომარაგების ტარიფსა და მომხმარებლებს.
ახალი რეგულაცია ასევე ამოქმედდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებთან მიმართებაშიც. კერძოდ, დაზუსტდა წყალმომარაგების კომპანიის ვალდებულება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან გამომავალი პირველი ჭის ჩათვლით წყალარინების ქსელის მოვლაზე, მის ფლობასა და ექსპლუატაციაზე, (აღნიშნული დაზუსტება არ ვრცელდება ისტორიულად ჩამოყალიბებული ე.წ. „თბილისური ეზოს“ კუთვნილ წყალარინების ქსელებზე).
სიახლეების მიხედვით, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებლის მიერ ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმების განაცხადით მოთხოვნის შემთხვევაში, მომსახურე კომპანიის წარმომადგენელი ვალდებულია ოპერატიული რეაგირების საჭიროების დადგენის მიზნით, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს მომხმარებელს.