23.10.2023 რელიზი

20 ოქტომბერი, 2023

 

მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დაარსების დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გახსნა. თავმჯდომარემ ისაუბრა კომისიის განვითარების ეტაპებსა და სამომავლო გეგმებზე, ყურადღება გაამახვილა ბოლო წლების განმავლობაში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარებისათვის კომისიის მიერ განხორციელებულ პროექტებზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და საერთაშორისო ურთიერთობებზე.

„23 ოქტომბერი მარეგულირებელი კომისიის დაარსების დღეა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყოველწლიურად აღვნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი და საზოგადოებას წარვუდგინოთ მარეგულირებელი კომისიის მიერ განხორციელებული პროექტები. 1997 წლის 23 ოქტომბერს ხელი მოეწერა ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის პირველი აპარატის ჩამოყალიბებას და განისაზღვრნენ ის პირები, რომლებსაც უნდა შეექმნათ მარეგულირებელი კომისია და შეესრულებინათ კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებები. დაარსების დღიდან კომისიის როლი მნიშვნელოვანია რეგულირებადი სექტორების განვითარებაში. ახლახანს ჩვენს ფუნქციებს დაემატა მელიორაციის სექტორის რეგულირება და დავიწყეთ ამ მიმართულებით გამოწვევების დაძლევა. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი საქმიანობა ამ კუთხითაც ისეთივე  წარმატებული იქნება, როგორიც  არის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში.

დაარსებიდან დღემდე, მარეგულირებელი კომისია დამოუკიდებლობის პრინციპებთან ერთად ხელმძღვანელობს ობიექტურობის, არადისკრიმინაციულობის, მიუკერძოებლობის და სამართლიანობის პრინციპებით. კომისიის საქმიანობის მახასიათებლებია თანამშრომლობა ყველა დაინტერესებულ პირთან, პრობლემების გადაწყვეტის თანმიმდევრობა, პროფესიონალიზმი, კომპეტენტურობა და საჯაროობა. 

ჩემი და ჩემი გუნდის, ყველა სემეკელის სახელით მადლობას ვუხდი საკანონმდებლო და აღმასრულებელ უწყებებს, ლიცენზიატ კომპანიებს, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებს, ექსპერტებს, მედიას, არასამთავრობო სექტორს მარეგულირებელ კომისიასთან მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

მარეგულირებელი კომისიის დაარსების დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით წარდგა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე. 1994-2000 წლებში ეკონომიკის მინისტრმა, ვლადიმერ პაპავამ 1997 წელს მარეგულირებლის დაარსების  საფუძვლებზე  ისაუბრა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედი კომპანიების, საერთაშორისო, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

კონფერენციაზე დაჯილდოვდნენ კომისიის აპარატის პირველი შემადგენლობის წარმომადგენლები. მარეგულირებელი კომისიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, საპატიო სემეკელის წოდება მიენიჭათ კომისიის ღვაწლმოსილ თანამშრომლებს.