25.10.2023 რელიზი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ წყალმომარაგების საკითხებისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე მარეგულირებელი კომისიის სატარიფო პოლიტიკისა და ხედვების შესახებ ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა წყალმომარაგების სექტორისთვის სატარიფო რეფორმის მნიშვნელობასა და ახალი სატარიფო მეთოდოლოგიის აუცილებლობაზე, რომელიც სექტორის ეფექტიან განვითარებას შეუწყობს ხელს.
კომისიის წარმომადგენლებმა წყლის მარეგულირებელთა ევროპული ასოციაციის (WAREG) წევრებს წარუდგინეს ახალი სატარიფო მეთოდოლოგიის პროექტი, რომელსაც სხვადასხვა ევროპული მარეგულირებელი კომისიის მიერ დადებითი შეფასება მიეცა. შეხვედრაზე იმსჯელეს უცხოელი ექსპერტების სარეკომენდაციო ხასიათის მოსაზრებებზე და განიხილეს სატარიფო მიმართულებით ევროპული ქვეყნების გამოცდილება.
მარეგულირებელი კომისიის მიერ შემუშავებული წყალმომარაგების ახალი სატარიფო მეთოდოლოგია, რომელიც წარმოადგენს წყალმომარაგების სატარიფო რეფორმის მთავარ კომპონენტს, ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებასა და მიზნად ისახავს წყალმომარაგების სექტორში როგორც ტექნიკური, ასევე კომერციული ხასიათის პრობლემების მოკლე დროში აღმოფხვრას.
WAREG წარმოადგენს წყალმომარაგების მარეგულირებელთა ევროპულ ქსელს, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნების მარეგულირებელ კომისიებსა და სამთავრობო უწყებებს. ასოციაციის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. მარეგულირებელი კომისია ასოციაციის წევრი და დამფუძნებელია. კომისიასთან ერთად ასოციაციის წევრ-დამფუძნებლები არიან ბელგიის, ირლანდიის, უნგრეთის, ლიეტუვის, ლატვიის, რუმინეთის, პორტუგალიის, იტალიის, ესპანეთის და სხვა ქვეყნების მარეგულირებელი კომისიები.