29.04.2020 სხდომის შედეგები

29 აპრილის საჯარო სხდომაზე კომისიამ იმსჯელა სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, სს „თელასის“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მოთხოვნებზე ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთებისა და სიმძლავრის გაზრდის სამუშაოების ვადების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.
ცვლილებები შევიდა შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ ბუნებრივის გაზის განაწილების ლიცენზიაში. კერძოდ,კომპანიის განაწილების საქმიანობის არეალს გურიის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის სოფლები დაემატა.
ცვლილებები შევიდა ელექტროენერგიის (სიმძლავრის), ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში. კერძოდ, იმ მოქალაქეებს, რომელთა საცხოვრებელ ფართებში მდებარეობს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მრიცხველები, ეძლევათ შესაძლებლობა კომპანიის წარმომადგენლებს მრიცხველის ჩვენება ელექტრონული ფორმით (ჩვენების მონაცემების სმს შეტყობინებით გაგზავნა, ჩვენების ფოტოსურათის გაგზავნა ელ.ფოსტით და ა.შ.) მიაწოდონ.
ახალი რეგულაციის მიხედვით, ფორს-მაჟორის დროს მომხმარებლის მიერ მრიცხველის წაკითხვის დისტანციური წესის გამოუყენებლობის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილი იქნება მოხმარებული ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა თუ სასმელი წყლის ოდენობა დაიანგარიშოს შესაბამისი მომხმარებლის მიერ წინა პერიოდში (წინა წლის იმავე თვეში ან წინა წლის მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში) დაფიქსირებული მოხმარების მიხედვით. განსხვავება ფაქტობრივ (მომხმარებლის მიერ რეალურად მოხმარებული) და დარიცხულ (წინა პერიოდის მოხმარების მიხედვით დარიცხული) მოხმარებას შორის უნდა გასწორდეს/გადაანგარიშდეს მრიცხველის ფაქტობრივი ჩვენების შესაბამისად.
ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს დეპოზიტზე განთავსებული თანხით დავალიანების ანგარიშსწორების შესაძლებლობა მიეცათ.