29.09.2021 რელიზი

29 სექტემბერი, 2021

შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანიამ“ (თელმიკო) ქ. თბილისში  განახლებული ქოლცენტრი და მომხმარებელთა მომსახურების პირველი ცენტრი გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი გიორგი ფანგანი და კომპანიის ხელმძღვანელი პირები.   

მომხმარებელთა მომსახურების ცენტრი მდებარეობს ოთარ ჩხეიძის ქ. №10-ში, ხოლო კომპანიის ქოლცენტრთან დაკავშირება შესაძლებელია ყოველ 24/7-ზე რეჟიმში შემდეგი ნომრის საშუალებით: (032) 500 07 77.  

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში, განსაკუთრებით კომუნალური მომსახურების სეგმენტში აუცილებელია მომსახურების ხარისხის სტანდარტების მაქსიმალური დაცვა. სწორედ ამ კუთხით, მარეგულირებელი კომისია მუდმივად მუშაობს როგორც რიგი პროექტების განხორციელებაზე, ასევე საკანონმდებლო აქტების შემუშავებასა და დახვეწაზე. დიდ ყურადღებას ვუთმობთ მომხმარებლის კმაყოფილების კვლევას, რაც ყოველთვის სწორად გვიჩვენებს სექტორებში არსებულ  მიღწევებსა თუ ხარვეზებს. კომისიაში არაერთი  მოქალაქის განცხადება იყო შემოსული „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ ქოლცენტრის შესახებ, რომლის საფუძველზეც კომპანიას მივეცით დავალება, უმოკლეს ვადებში მოეწესრიგებინათ საკომუნიკაციო საშუალებები. მისასალმებელია კომპანიის რეაგირება და ვიმედოვნებთ, რომ „თელმიკო“ შეასრულებს ყველა ნაკისრ ვალდებულებას და მოქალაქეებს გაუწევს ხარისხიან მომსახურებას“, - განაცხადა მარეგულირებელი კომისიის წევრმა გიორგი ფანგანმა.

შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ გენერალური დირექტორის დმიტრი გოლოვკოს განცხადებით, თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანიამ, გახსნა პირველი მომხმარებელთა მომსახურების ცენტრი: „მოწვეულ პირებს გავაცანით განახლებული ქოლ ცენტრის მუშაობის პრინციპი. გვსურს აღვნიშნოთ, რომ უახლოესი ტექნოლოგიური უზრუნველყოფით აღჭურვილი „თელმიკოს“ ქოლ ცენტრი ახლა, სრული დატვირთვით მუშაობს, მომხმარებელს უპრობლემოდ შეუძლია დაგვიკავშირდეს და  ამომწურავად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია. ამასთან ერთად წლის ბოლომდე „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ თბილისში კიდევ რამდენიმე მომხმარებელთა მომსახურების ცენტრის გახსნას გეგმავს. ჩვენთან მოსულ მომხმარებელს, კომფორტულ გარემოში, მარტივად და უპრობლემოდ შეუძლია მიიღოს სასურველი მომსახურება“,  - აღნიშნა დმიტრი გოლოვკომ.

შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანიამ” საქმიანობა 2021 წლის 1 ივლისს დაიწყო. კომპანია ქ. თბილისის 600 ათასზე მეტ აბონენტს აწვდის ელექტროენერგიას, უზრუნველყოფს მომხმარებლებისათვის ქვითრების მიწოდებას, ფინანსურ ანგარიშგებას, მომხმარებლის სახელშეკრულებო მომსახურებასა და ა.შ.