29.11.2022 რელიზი

29 ნოემბერი, 2022

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინიციატივითა და  სემეკში მიმდინარე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული თვინინგის პროექტის მხარდაჭერით,  საქართველოში ენერგეტიკული კლუბი გაიხსნა. კლუბის ფარგლებში გამართულ პირველ შეხვედრაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა კომისიის წევრმა, თვინინგის პროექტის ლიდერმა, გიორგი ფანგანმა და  ისაუბრა საქართველოში ენერგეტიკული კლუბის დაფუძნების მნიშვნელობაზე. 

ენერგეტიკული კლუბის გახსნას ესწრებოდნენ მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, კომისიის წევრები, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი უწყებების, ლიცენზიატი კომპანიების, არასამთავრობო, საერთაშორისო, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები. 

ენერგეტიკული კლუბის მიზანია ხელი შეეწყოს საქართველოში ენერგეტიკული საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ენერგეტიკის სექტორში პარტნიორობის გაღრმავებას.  კლუბის ფარგლებში გაიმართება რეგულარული შეხვედრები, სადაც ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს, მოწვეულ ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა იმსჯელონ არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

“ევროკავშირის მხარდაჭერით, მარეგულირებელმა კომისიამ შეძლო განეხორციელებინა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც განსაკუთრებით ეფექტიანი იქნება საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკული რეფორმის წარმატებით განხორციელებისათვის. მოგეხსენებათ, ჩვენ აქტიურად ვართ წარმოდგენილები საერთაშორისო ენერგეტიკულ ორგანიზაციებში და ვთანამშრომლობთ არაერთ ენერგეტიკულ უწყებასთან. კავშირების გაფართოვება და გარკვეული ინტენსივობით საქართველოში უცხოელი კოლეგების, ინვესტორების მოწვევა, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის ათვისებასა და გაზრდის საქართველოს როლს ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე“, - განაცხადა გიორგი ფანგანმა სიტყვით გამოსვლისას.