30.07.2021 რელიზი

30 ივლისი, 2021

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში კომისიის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა და დეტალურად უპასუხა დასმულ კითხვებს. კომიტეტმა კომისიის 2020 წლის საქმიანობა დადებითად შეაფასა.

დავით ნარმანიამ ისაუბრა 2020 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებულ მდგომარეობასა და კომისიის სამართლებრივ რეაგირებებზე. ყურადღება გაამახვილა მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით შემუშავებულ რეგულაციებზე. მომსახურებების უმოკლეს დროში ადაპტირების მნიშვნელობასა და  ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პრევენციის მიზნით კომისიის მიერ განხორციელებულ პროექტებზე, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე, ელექტროენერგეტიკის ბაზრის ლიბერალიზაციასა და სატარიფო პოლიტიკაზე.

„2020 წლის განმავლობაში კომუნალური მომსახურებების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. კომისია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მომხმარებელთა უფლებების დაცვას, ჩვენ დეტალურად ვსწავლობთ თითოეული მოქალაქის საჩივარს ნებისმიერი კომუნალური კომპანიის მიმართ და თითოეულ მათგანზე გვაქვს შესაბამისი რეაგირება. მათ შორის,  2020 წლის განმავლობაში მოქალაქეებს 1 მილიონ ლარზე მეტი უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები ჩამოვაწერეთ,  დაგვიანებით შესრულებულ და შეუსრულებელ სერვისებზე კომპანიებს დავაკისრეთ აბონენტებისთვის კომპენსაციების გადახდა, ავამოქმედეთ ელექტრონული მომსახურებები და ა.შ. სისტემატურად ვნერგავთ თანამედროვე სტანდარტებს მომსახურებებში. ჩვენ შევძელით, რომ 2020 წელს გვეპასუხა ყველა გამოწვევისთვის და კრიზისული სიტუაციის მიუხედავად, არ შეგვეფერხებინა საქმიანობა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მიმართულებით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომისიის საქმიანობის 2020 წლის ანგარიში ვრცლად განთავსებულია კომისიის ვებგვერდზე: https://gnerc.org/ge/commission/commission-reports/tsliuri-angarishebi