7.12.2023 რელიზი

7 დეკემბერი, 2023

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის (ენერგოომბუდსმენის) სამსახურის საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა. თავმჯდომარემ ისაუბრა ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე.  

„მნიშვნელოვანია, რომ  თითოეული მოქალაქის უფლება იყოს სათანადოდ დაცული მარეგულირებელი კომისიის მიერ რეგულირებად სექტორებში.  კომისია, წლებია, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს კომუნალური მომსახურებების გასაუმჯობესებლად. აღსანიშნავია კომისიასთან არსებული ენერგოომბუდსმენის სამსახურის როლი მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით. უკვე 20 წელია, რაც სამსახური აქტიურადაა ჩართული მოქალაქეთა უფლებების დაცვაში ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მიმართულებით. ვულოცავ სამსახურის ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს 20 წლის იუბილეს და წარმატებებს ვუსურვებ მათ საქმიანობაში.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, არაერთი პროექტი ხორციელდება. უნდა აღინიშნოს, რომ მარეგულირებელ კომისიაში გვაქვს უნიკალური პროგრამა, რომელიც რეალურ დროში აფიქსირებს კომუნალურ კომპანიებში შესულ მომხმარებელთა განცხადებებს და კომპანიების მხრიდან მათზე რეაგირებას, ინფორმაციას გეგმური და არაგეგმური წყვეტების შესახებ, ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთებისა და დავალიანების გადაუხდელობისათვის გათიშული მომხმარებლებისათვის მომარაგების აღდგენის დროსა და ვადებს. გვაქვს შემუშავებული სტანდარტები, რომლის შესრულებაც სავალდებულოა კომპანიებისათვის. აქვე, მოვუწოდებ მოქალაქეებს, თუ თვლიან რომ ირღვევა მათ უფლებები კომუნალური კომპანიების მიერ, მომართონ მარეგულირებელ კომისიას ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

მომხმარებელთა ინტერესების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის მიზნით, 2003 წელს დაფუძნდა მარეგულირებელ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის (ენერგოომბუდსმენი) სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციაა ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებელთა ინტერესების დაცვა. დღეისთვის ენერგოომბუდსმენის ოფისები ფუნქციონირებს როგორც ქ. თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.