საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად, კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში და არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას. იგი არის კოლეგიური ორგანო და გადაწყვეტილებები მიიღება ხმათა უმრავლესობით. კომისიის სხდომები საჯაროა და მათზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შექმნა გახდა საქართველოს ენერგეტიკაში დაწყებული ეკონომიკური მოვლენების დიდი და რთული პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილი.
1996 წლის აგვისტოში, პრეზიდენტის ბრძანებულებით, კომისია ეკონომიკის სამინისტროსთან ჩამოყალიბდა და მას ელექტროენერგიის საბითუმო და საცალო ტარიფების გაანგარიშება დაევალა.
1997 წლის 27 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ელექტროენერგეტიკის შესახებ“, რომლის საფუძველზეც კომისია ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი ორგანო. 1997 წლის 8 აგვისტოს პრეზიდენტის განკარგულებით დაინიშნენ კომისიის პირველი შემადგენლობის წევრები.
კომისიის პირველი შემადგენლობა შედგებოდა 3 წევრისგან – თავმჯდომარისა და კომისიის 2 წევრისგან. 2008 წლის 2 ოქტომბერს კანონში შევიდა ცვლილება და კომისიის წევრთა რაოდენობა განისაზღვრა 5 პირით - თავმჯდომარითა და 4 წევრით. ცვლილებები შეეხო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების დანიშვნის წესებსაც. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ 2019 წელს მიღებული საქართველოს კანონის მიხედვით, კომისიის წევრობის კანდიდატს ასახელებს საქართველოს მთავრობა ღია, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული კონკურსის საფუძველზე. საქართველოს მთავრობის წარდგინებით კომისიის წევრობის კანდიდატს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, კომისიის წევრს ირჩევს 6 წლის ვადით, ხოლო კომისიის თავმჯდომარეს საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევენ კომისიის წევრები ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით, 3 წლის ვადით.
კანონმა კომისიას თავიდანვე მიანიჭა მაღალი დამოუკიდებლობის სტატუსი. იგი თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს დადგენილებებსა და გადაწყვეტილებებს, რომლებიც წარმოადგენს ნორმატიულ აქტებს ენერგეტიკის სფეროში. კანონით ასევე განისაზღვრა ურთიერთობა ელექტროენერგეტიკის სტრუქტურულ ერთეულებს შორის, შეიქმნა სამართლებრივი საფუძვლები დარგში საბაზრო ურთიერთობების დანერგვისათვის, ინვესტიციების მოზიდვისათვის, ელექტროენერგიის კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბებისათვის და სხვ.
ამ კანონმა დასაბამი მისცა ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობის მოწესრიგებას ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილებისა და მოხმარების სფეროებში, ასევე საქართველოს ელექტროენერგეტიკის განვითარების უზრუნველყოფას საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად.
1999 წლის 30 აპრილს საქართველოს კანონში „ელექტროენერგეტიკის შესახებ“ შევიდა ცვლილებები და მას ეწოდა საქართველოს კანონი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“. ამ ცვლილებებით მნიშვნელოვნად შეიცვალა და გაფართოვდა კომისიის ფუნქციები. კომისიას მიენიჭა საქართველოს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სფეროში ლიცენზიების გაცემისა და ტარიფების რეგულირების უფლებამოსილება და კომისიის უფლება-მოვალეობები გავრცელდა ბუნებრივი გაზის სექტორზეც.
2007 წლის 20 ნოემბერს კანონში მორიგი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა, რომლის თანახმად, კომისიას წყალმომარაგების რეგულირებაც დაევალა. შესაბამისად, შეიცვალა სახელწოდება და ეწოდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია.
კომისიამ მნიშვნელოვანი სამუშაოები განახორციელა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროში ქვეყნისათვის სრულიად ახალი ნორმატიული ბაზის შექმნის მიმართულებით, დარგის ლიცენზიატების მიერ სალიცენზიო პირობების უკეთ განხორციელების, სატარიფო მეთოდოლოგიის სრულყოფის, საბაზრო წესების რეალური ამოქმედების, ნორმატიული დოკუმენტების დამუშავებისა და ამოქმედებისა და, რაც მთავარია, დარგის ლიცენზიატებსა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობის დარეგულირების მიზნით.
1998 წლის 28 დეკემბერს კომისიამ სს „თელასზე“ ელექტროენერგიის წარმოებისა და განაწილების საქმიანობებისთვის პირველი ლიცენზიები გასცა. დღეისათვის ელექტროენერგიის სექტორში 27 ლიცენზიატი ფუნქციონირებს, გაზის სექტორში – 25, ხოლო წყალმომარაგების სექტორში – 8.
პირველად თავის ისტორიაში კომისიამ ელექტროენერგიის ტარიფები ჯერ კიდევ ეკონომიკის სამინისტროსთან ფუნქციონირების პერიოდში (1997 წლის თებერვალი) დაადგინა.
ელექტროენერგეტიკაში ტარიფების დათვლის მეთოდოლოგია პირველად 1998 წლის 1 ივლისს დამტკიცდა, ბუნებრივი გაზის სექტორში – 1999 წლის 8 სექტემბერს, ხოლო წყალმომარაგების სექტორში – 2008 წლის 29 აგვისტოს. თითოეული მათგანი პირველი იყო შესაბამისი დარგის განვითარების ისტორიაში.
2014-2019 წლებში, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, კომისიამ შეიმუშავა და დაამტკიცა ახალი სატარიფო მეთოდოლოგიები ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ დანახარჯების ამსახველი სატარიფო განაკვეთების დადგენას ღია და გამჭვირვალე სატარიფო რეგულირების პრინციპების მიხედვით. ახალმა სატარიფო მეთოდოლოგიებმა შესაძლებელი გახადა ტარიფების დადგენა გრძელვადიან სატარიფო რეგულირების პერიოდზე, რაც უზრუნველყოფს საწარმოს ფუნქციონირების ეფექტიანობის ზრდის სტიმულირებას და ხელს უწყობს ფასების სტაბილურობას. აღნიშნული სატარიფო მეთოდოლოგიების საფუძველზე გრძელვადიანი ტარიფები კომისიამ პირველად დაადგინა ელექტროენერგეტიკის სექტორში 2014 წელს, წყალმომარაგების სექტორში – 2017 წელს, ხოლო ბუნებრივი გაზის სექტორში – 2020 წელს.
კომისიის მუდმივი ზრუნვის საგანია მომხმარებელთა უფლებების დაცვა. 2001 წლის 1 ივნისს კომისიაში ფუნქციონირება დაიწყო სამოქალაქო უფლებების დაცვის ქვედანაყოფმა. 2003 წლის 22 ივლისს „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული დამატებების საფუძველზე, მომხმარებელთა უფლებების უკეთ დაცვის მიზნით კომისიასთან, მისი აპარატისაგან დამოუკიდებლად, შეიქმნა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციაა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებელთა ინტერესების დაცვა. შემდგომში დამცველის ოფისები გაიხსნა საქართველოს რეგიონებშიც – ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისსა და ქ. თელავში.
2014 წელს კომისიაში შემოსული საჩივრების განხილვის სისტემატიზების მიზნით კომისიაში შეიქმნა მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტი.
2012 წელს კომისიამ დაამტკიცა „მომსახურების ხარისხის წესები“ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მომსახურების საერთო და გარანტირებული სტანდარტები, აგრეთვე ამ სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელთა სასარგებლოდ გადასახდელი კომპენსაციების ოდენობა. 2016 წლის ბოლოს კომისიამ შექმნა და დანერგა ელექტრონული მონიტორინგის სისტემა – „ელექტრონული ჟურნალი“, რომლის მეშვეობითაც კომისია რეალური დროის რეჟიმში მონიტორინგს უწევს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი გამანაწილებელი და წყალმომარაგების ლიცენზიანტი კომპანიების მიერ მომსახურების კომერციული ხარისხის სტანდარტების შესრულების პროცესს.
მწვანე ენერგიის ათვისებისა და ხელშეწყობის მიზნით 2016 წელს კომისიამ დანერგა მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ მომხმარებელთან აღრიცხვა-ანგარიშსწორების წესი, ე.წ. „ნეტო-აღრიცხვის“ პროგრამა. ნეტო-აღრიცხვა არის მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ქსელში გადადინებისა და ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის ორმხრივად აღრიცხვის პროცესი, რა დროსაც წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგია ერთმანეთს ქვითავს. ნეტო-აღრიცხვამ მომხმარებლებს საშუალება მისცა დაეკმაყოფილებინათ საკუთარი მოხმარება, დაეზოგათ კომუნალური ხარჯები და მიეღოთ სარგებელი გამანაწილებელი კომპანიისაგან. პირველად ნეტო-აღრიცხვით ისარგებლა შპს „ინსტამ“, ხოლო ამჟამად ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში ჩართულია 224 აბონენტი.
2017 წლიდან საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების წევრია. ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერთების შესახებ ოქმის საფუძველზე მას ეკისრება ევროკავშირის საკანონმდებლო აქტების შესრულებისა და ეროვნული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების ვალდებულება. აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიზნით საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის დეკემბერში მიიღო „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის მესამე ენერგეტიკულ პაკეტს და მიზნად ისახავს შესაბამისი სამართლებრივი გარემოს შექმნას ენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაციისათვის. ახალი კანონით გაძლიერდა კომისიის, როგორც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს ფუნქციები და კომისია აღიჭურვა ყველა იმ უფლებამოსილებით, რომლებსაც ევროკავშირის საკანონმდებლო მოთხოვნების საფუძველზე ენერგეტიკის სექტორის დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო უნდა აკმაყოფილებდეს.
კომისია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან: NARUC (კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაცია), USAID (ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო), Energy-community (ენერგეტიკული გაერთიანება), EU (ევროკავშირი), IWA (წყლის საერთაშორისო ორგანიზაცია) და სხვ. აღსანიშნავია, რომ კომისია ერთ-ერთი დამფუძნებელია ენერგეტიკის რეგულირების რეგიონალური ასოციაციისა (ERRA), რომელიც 2000 წლის დეკემბერში ევროპისა და აზიის 15 ქვეყნის ინიციატივით შეიქმნა ბუდაპეშტში. კომისიის პირველ თავმჯდომარეს, ელიზბარ ერისთავს, ERRA-ს საპატიო წევრის სტატუსი მიენიჭა. სხვადასხვა დროს კომისიის წევრები, გოჩა შონია და მაია მელიქიძე, არჩეული იყვნენ ERRA-ს პრეზიდიუმის წევრებად, ხოლო 2020 წელს კომისიის წევრი მაია მელიქიძე ERRA-ს თავმჯდომარედ აირჩიეს. 2020 წელს კომისიის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ზვიად გაჩეჩილაძე ERRA-ს ენერგეტიკული ბაზრებისა და ეკონომიკური რეგულირების კომიტეტის თავმჯდომარედ იქნა არჩეული.
კომისია ასევე არის ევროპის წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიების გაერთიანების (WAREG) დამფუძნებელი. აღნიშნული ორგანიზაცია 2014 წლის აპრილში დაარსდა წყლისა და წყალარინების სექტორის მარეგულირებელი ორგანოების ინიციატივით. ამჟამად ის წევრის სტატუსის მქონე 25 და დამკვირვებლის სტატუსის მქონე 4 მარეგულირებელ ორგანოს მოიცავს. კომისიის ექსპერტები აქტიურად მონაწილეობენ WAREG-ის გენერალური ასამბლეისა და სამუშაო ჯგუფების შეხვედრებში.
2017-2019 წლებში კომისიის წევრი გიორგი ფანგანი ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს (ECRB) პრეზიდენტი იყო. აღნიშნული პარტნიორობა უცხო ქვეყნების მარეგულირებელ ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თუ პროექტებთან კომისიას ეხმარება, რომ კვალდაკვალ მიჰყვეს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებულ სიახლეებსა თუ გამოწვევებს. ზემოაღნიშნულის გარდა, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ენერგეტიკული საწარმოების რეგულირების საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს გამოცდილების გაზიარების მიზნით კომისიის თანამშრომლები მონაწილეობენ სხვადასხვა საპარტნიორო პროგრამაში.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში სტუდენტთა განათლების ხელშეწყობის, ცნობიერების ამაღლების მიზნით კომისია თანამშრომლობს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებასთან: საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან. აღნიშნული მემორანდუმები ითვალისწინებს კომისიისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების თანამშრომლობას სტუდენტების სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის კუთხით. კომისია მათ ასევე დაეხმარება ენერგეტიკის სფეროში კვლევების ჩატარების მიზნით არსებული ინფორმაციისა და ლიტერატურის მოძიებასა და გაცნობაში.
კომისია მუდმივად ცდილობს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მომხმარებლებისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და სამივე სექტორში რეგულირების ერთიანი მიდგომის დანერგვას მომსახურების პირობებსა და პროცედურებთან მიმართებაში. ამ მიზნით კომისიაში მიმდინარეობს სხვადასხვა პროექტი: მომხმარებლის რეგისტრაციის შეცვლა იუსტიციის სახლებში (მათ შორის, უძრავი ქონების შესყიდვის ან ქირავნობის შემთხვევაში); ნებართვების ერთიანი ელექტრონული სივრცე; USSD კოდის *303# ინტერაქციული სერვისი, რომლითაც ხდება ქვითრის გამოთხოვა, ბალანსის გადამოწმება, წყვეტის დაფიქსირება (ოპერატიულად რეაგირებისთვის), სასურველ აბონენტზე ნომრის დამატება ან არასასურველის წაშლა და სხვა ინფორმაციის გამოთხოვა; დასრულდა იდუმალი მომხმარებლის კვლევის პროექტი (მომსახურებისა და დადგენილი რეგულაციის მომხმარებლის თვალით დანახვის მიზნით);
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ 2019 წელს მიღებული საქართველოს კანონით მთლიანად შეიცვალა ენერგეტიკული ბაზრის კონცეფცია, რომლის მიხედვითაც დღის წესრიგში დადგა ენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაციის საკითხი. ბაზრის ასეთი მოდელი გულისხმობს კონკურენტუნარიანი და ლიკვიდური ელექტროენერგიის ბაზრის შექმნას, სადაც მიმწოდებლები კონკურენტულ ფასად ივაჭრებენ ელექტროენერგიით. თავის მხრივ, მომხმარებლებს გაუჩნდებათ შესაძლებლობა, ფასის შესაბამისად აირჩიონ მიმწოდებელი კომპანიები, რაც უზრუნველყოფს მათთვის მიმწოდებლის არჩევანის თავისუფლებას და სამომხმარებლო ფასების ხელმისაწვდომობას. ბაზრის რეფორმისთვის კომისიამ შეიმუშავა და დაამტკიცა რიგი კანონქვემდებარე აქტები, მათ შორის, საცალო ბაზრის წესები და ელექტროენერგიის ბაზრის წესები (დღით ადრე ბაზარი, დღიური ბაზარი, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარი). ახალი ბაზარი 2024 წლის ზაფხულიდან ამოქმედდება.
კომისია ორიენტირებულია ინოვაციებსა და განვითარებაზე. თავისი მისიისა და სტრატეგიული ამოცანების უკეთ განხორციელების მიზნით 2020 წელს კომისიამ მიიღო ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიკატი და დანერგა ხარისხის მართვის თანამედროვე სისტემა. 2023 წელს კომისიამ დადებითი შეფასება მიიღო საერთაშორისო გარე აუდიტისგან და მიიღო ახალი სერტიფიკატი.
მარეგულირებელი კომისიის წარმატებული პროექტის „მედია კლუბის“ ბაზაზე 2022 წლის 4 თებერვალს კომისიაში დაფუძნდა ა(ა)იპ „ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი“, რომლის მიზანია ენერგეტიკის სექტორებში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლება, ქალთა ჩართულობის ზრდა, მიზნობრივი ჯგუფების ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით კვლევებისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, პოტენციური ინვესტორების სრულად ინფორმირების უზრუნველყოფა.