საკანონმდებლო ცვლილებები

24 ივნისი, 2019

კომისიის 2019 წლის 20 ივნისის დადგენილებით ცვლილება შევიდა „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში, რომლის თანახმად საოჯახო სასტუმროს მფლობელ მომხმარებლად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც სასმელ წყალს ყიდულობს ერთდროულად, როგორც საკუთარი საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, ასევე მის საცხოვრებელ ადგილზე ტურისტთა განსათავსებლად, მათი სისტემატური და ორგანიზებული მომსახურებისთვის.

რაც შეეხება ტარიფის მოდელს, კომისიის მიერ დამტკიცებულია ორი ტიპის მოდელი და  მომხმარებელი (საოჯახო სასტუმროს მფლობელი) უფლებამოსილია მოითხოვოს მათგან ერთ-ერთი. 

პირველი მოდელის შესაბამისად, საოჯახო სასტუმროს მფლობელის მთელ ობიექტზე სასმელი წყლის მოხმარება აღირიცხება ერთობლივად, რა შემთხვევაშიც არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დაერიცხება მოხმარებული სასმელი წყლის მხოლოდ იმ ოდენობას, რაც აღემატება თვის განმავლობაში 25მ3-ს.

მეორე მოდელის მიხედვით,  სასმელი წყლის მოხმარება ობიექტის იმ ნაწილზე, სადაც ხორციელდება ტურისტების მომსახურება, აღირიცხება განცალკევებულად. ანუ, მხოლოდ იმ ნაწილზე, სადაც ხორციელდება ტურისტების სისტემატური და ორგანიზებული მომსახურება, სასმელი წყლის საფასური დაირიცხება არასაყოფაცხოვრებო ტარიფით. ამ მოდელის გამოყენების შემთხვევაში საოჯახო სასტუმროს მფლობელი ისარგებლებს ორი მრიცხველით. მათგან ერთი განკუთვნილი იქნება საყოფაცხოვრებო (საკუთარი) მოხმარების აღსარიცხავად, რა შემთხვევაშიც მომხმარებელი ისარგებლებს სასმელი წყლის  საყოფაცხოვრებო ტარიფით, ხოლო მეორე მრიცხველი დამონტაჟდება უძრავი ქონების იმ ნაწილზე, სადაც ხდება ტურისტების მომსახურება. სწორედ აღნიშნული მომსახურების შემთხვევაში საოჯახო სასტუმროს მფლობელი გადაიხდის მოხმარებული სასმელი წყლის საფასურს არასაყოფაცხოვრებო ტარიფით. გადადით ვებგვერდზე

გამომცემი ორგანო: კომისია
დოკუმენტის ტიპი: დადგენილება
თემატიკა: წყლის ჰიბრიდული ტარიფი სასტუმროები