საკანონმდებლო ცვლილებები

30 დეკემბერი, 2019

კომისიის 2019 წლის 26 დეკემბრის N45 დადგენილებით ცვლილება შევიდა „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების” დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაში, კერძოდ:

  1. განაწილების ლიცენზიატს ეკისრება ვალდებულება მიერთების პროცესში, განმცხადებელთან ურთერთობას აწარმოოს ერთი უფლებამოსილი პირის მეშვეობით. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილი პირის საკონტაქტო ინფორმაციას მომხმარებელს მიაწვდის განაცხადის მიღებიდან 5 სამუშაო დღეში;
  2. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განაცხადის მიღებისთანავე, ასევე მრიცხველის ექსპლუატაციაში აქტის შედგენის შემდეგ, მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობოს მომხმარებელს მომარაგების დაწყებისათვის საჭირო დოკუმენტაციის და პროცედურების თაობაზე. მას ასევე ეცნობება მომარაგების დაწყების ზუსტი დრო;
  3. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურის გადახდის წესი. კერძოდ, მიერთების მსურველი ვალდებული იქნება წინასწარ გადაიხადოს მიერთების საფასურის 50%, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საყოფაცხოვრებო მომხმარებელი ითხოვს ამ თანხის განწილვადებას. ეს ცვლილება ასევე არ ვრცელდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ქსელზე მიერთებაზე და ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელს წინასწარ, სრულად მოუწევს მიერთების საფასურის გადახდა;
  4. საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მოთხოვნის შემთხევაში, შიდა ქსელის ერთი წერტილის მოწყობისას, განაწილების ლიცენზიატს ეკისრება ვალდებულება მიერთების პერიოდში, საპროექტო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულების მიზნით, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს ობიექტზე მისვლის დრო 5-2 კალენდარული დღით ადრე;
  5. შეიცვალა ქსელზე მიერთების საფასური, მოთხოვნილი სიმძლავრის და მისაერთებელი ობიექტის ადგილმდებარეობის მიხედვით. კერძოდ თვითმმართველ ქალაქებში და სხვა მუნიციპალიტეტებში ობიექტის ქსელზე მიერთებაზე დადგინდა სხვადასხვა საფასური.
  6. თუ აქამდე მიმწოდებლის მიერ სტანდარტული პირობით მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ფასი ქვეყნდებოდა გაზეთში, ცვლილების შემდეგ აღნიშნული ფასი გამოქვეყნდება კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე და განახლდება ყოველი ასეთი ცვლილებისას.
  7. უძრავი ქონების მესაკუთრეს უფლება ენიჭება უარი თქვას აბონენტად რეგისტრაციაზე, იმ შემთხვევაში თუ მისი ქონება გადაცემულია დროებით მფლობელობაში.
  8. უძრავი ქონების გაყოფაზე ან ისეთ შემთხვევაში, როდესაც ვითარდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, ვრცელდება ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური.
  9. დაზუსტდა მომხმარებლის მიერ მიმწოდებლის შეცვლის პროცედურები და ვადები, ამასთან განაწილების ლიცენზიატს უფლება ეძლევა უარი თქვას მიმწოდებლისათვის მომსახურების გაწევაზე იმ შემთხვევაში თუ ეს უკანასკნელი არ აანაზღაურებს ბუნებრივი გაზის მიუწოდებლობის შედეგად საცალო მომხმარებლის ფაქტობრივი მოხმარების შევსებისათვის გაწეულ ხარჯებს. ამასთან, მას უფლება აქვს არ დაიწყოს იმ მომხმარებლის მომსახურება, რომელიც მარაგდება სხვა მიმწოდებლის მიერ. გადადით ვებგვერდზე
გამომცემი ორგანო: კომისია
დოკუმენტის ტიპი: დადგენილება
თემატიკა: ცვლილება ბუნებრივი გაზის წესებში