01.09.2022 რელიზი

1 სექტემბერი, 2022

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს „რუსთავის წყალი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 000 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს ქ. რუსთავში სასმელი წყლის ხშირი ავარიული წყვეტები. კომპანიას დაევალა მომდევნო თვეების განმავლობაში უზრუნველყოს განსაზღვრულ ვადებში საინვესტიციო პროექტების მოცულობის ზრდა და მათი განხორციელების ტემპის დაჩქარება. ინვესტიციების განხორციელება ხელს შეუწყობს წყალმომარაგების ქსელის მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ავარიების შემცირებას. შპს „რუსთავის წყალმა“ სექტემბრის ბოლომდე კომისიაში დეტალური გეგმა უნდა წარადგინოს. 

აღსანიშნავია, რომ მარეგულირებელი კომისიის მიერ კომპანიისთვის დადგენილი 2021-2023 წლების ტარიფი იძლევა საშუალებას, შპს „რუსთავის წყალმა“ 2023 წლის ბოლომდე მნიშვნელოვნად გაზარდოს საინვესტიციო პროექტების მოცულობა და გააუმჯობესოს არსებული მომსახურების ხარისხი.

ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იმატა შპს „რუსთავის წყლის“ წინააღმდეგ კომისიაში მომხმარებელთა მომართვიანობამ. ამასთანავე, მიმდინარე წლის 18 აგვისტოს სასმელი წყლის გახშირებულ წყვეტებზე მარეგულირებელ კომისიას განცხადებით მომართა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა. კომისიის მიერ საკითხის მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ წყვეტების სიხშირისა და საშუალოდ ერთ წყვეტაზე გათიშული მომხმარებლების რაოდენობის პარამეტრები გაუარესებულია და არ შეესაბამება კანონით განსაზღვრულ ნორმებს.