06.09.2021 რელიზი

6 სექტემბერი, 2021

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების წარჩინებული სტუდენტები დააჯილდოვა. სიგელები გადაეცათ იმ სტუდენტებს, რომლებმაც გასული სასწავლო წლის განმავლობაში მაქსიმალური ქულები დააგროვეს და მონაწილეობდნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროგრამებში. ღონისძიებას ესწრებოდნენ ტექნუკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში ზურაბ გასიტაშვილი, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანი ლენა შატაკიშვილი, კომისიის წევრები და აპარატის თანამშრომლები.  

„ენერგეტიკის სექტორისათვის უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდა თაობის აღზრდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტი არის სწორად ის ადგილი, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ მიიღონ ცოდნა ენერგეტიკის შესახებ. კომისიასა და უნივერსიტეტს შორის გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი, რაც კომისიას ორმაგ პასუხისმგებლობას აკისრებს, რომ ხელი შეეწყოს ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტების ენერგეტიკოსებად ჩამოყალიბებასა და მათ წახალისებას სასწავლო თუ პროფესიულ გზაზე. ვულოცავ სტუდენტებს დაჯილდოებას და ვუსურვებ მათ წარმატებებს. მოხარული ვარ, რომ ჩემს გუნდთან ერთად მნიშვნელოვან ტრადიციას ჩავუყარე საფუძველი -  ყოველ წელს, კომისია დააჯილდოებს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის სამივე საფეხურის პროგრამის წარჩინებულ სტუდენტებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.     

კომისიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლება, ხელშეწყობა კვლევების ჩატარების მიზნით არსებული ინფორმაციის მოძიება-გაცნობაში.