07.02.2019 რელიზი

7 თებერვალი, 2019

 

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიამ იუსტიციის სახლში გადატანილი კომუნალური სერვისების შესახებ ანგარიში მოისმინეს. სხდომას ესწრებოდნენ იუსტიციის სახლის, საჯარო რეესტრის, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენლები. 

ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში აბონენტად რეგისტრაციის შეცვლის მომსახურების მისაღებად იუსტიციის სახლში დღემდე 3 246 განცხადება დარეგისტრირდა. მათ შორის. სს „თელასის“ აბონენტად რეგისტრაციის მოთხოვნით - 874 განცხადება; შპს „ყაზტრანსგაზ თბილისის“ მიმართ - 727 განცხადება; შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიმართ - 846 განცხადება; სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიმართ - 386 განცხადება; შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მიმართ - 260 განცხადება; შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიმართ - 153 განცხადება.

იუსტიციის სახლში აბონენტად რეგისტრაციის ცვლილების განცხადების მიღება ხდება 2018 წლის 21 ნოემბრიდან. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს იუსტიციის სახლში ერთი ვიზიტით, აბონენტის რეგისტრაციის ცვლილების მოთხოვნით მიმართოს სამივე სექტორში (ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი, წყალი) მომსახურე კომპანიას. იუსტიციის სახლის 20 ფილიალში სერვისით სარგებლობა შეუძლიათ როგორც მუდმივ ისე დროებით აბონენტებს. აბონენტად რეგისტრაციის ცვლილების განცხადების დაწერა მომხმარებელს შეუძლია უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას. ასევე, განმცხადებელს იმავდროულად შეუძლია გაიგოს უძრავ ქონებაზე არსებული დავალიანება.

ირინა მილორავას განცხადებით, იგეგმება რომ დროთა განმავლობაში, იუსტიციის სახლში ერთიანად განთავსდეს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებული სხვა მომსახურებებიც, რომელიც დღეს ხელმისაწვდომია მხოლოდ კომპანიების ოფისებში.

კომისიას, „იუსტიციის სახლს“, „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“, „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა“ და „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, უწყებებს შორის თანამშრომლობის მიზანია ხელი შეეწყოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში სწრაფი და ეფექტური მომსახურებების განვითარებას.