07.06.2019 რელიზი

7 ივნისი, 2019

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) „მისტიური მომხმარებლის“ კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით შემოწმდა 10 კომუნალური მომსახურების კომპანია. შემოწმების ეტაპზე დაკვირვება განხორციელდა გამანაწილებელ ქსელებზე ახალი მომხმარებლის მიერთების, სიმძლავრის გაზრდის, აბონენტის მიერ პირადი ინფორმაციის მოთხოვნის, მომარაგების ტექნიკური ხარისხის შემოწმების, ელექტრონული ქვითრის, ტექსტური შეტყობინების, გადაუხდელობის გამო მომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის, გეგმური წყვეტის და ქოლ ცენტრის  მომსახურებებზე.

 შემოწმების ეტაპის ანგარიშით გამოვლენილია როგორც საერთო ხასიათის, ისე ინდივიდუალური, კონკრეტული კომპანიისთვის დამახასიათებელი დარღვევები.  კვლევის ფარგლებში გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად კომპანიებს  ერთთვიანი ვადა განესაზღვრათ.

 „მისტიური მომხმარებლის“ კვლევის ფარგლებში დაკვირვება განხორციელდა სს „თელასის“, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“, შპს „ინტერგაზის“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“, შპს „რუსთავის წყალისა“და შპს „ბათუმის წყალის“ მიერ მომხმარებლებზე გაწეული მომსახურებების პროცესზე, ასევე სემეკის მიერ დადგენილ სხვა მოთხოვნებზე.

კვლევის ფარგლებში დაფიქსირდა შემდეგი საერთო ხასიათის დარღვევები: კომპანიების მიერ უარი მომხმარებლის განაცხადის მიღებაზე; განაცხადების რეაგირების გარეშე დატოვება; ელექტრონული ფორმით მიწოდებული ქვითრის შინაარსის დარღვევა. ამასთანავე, კომპანიებს არ გააჩნდათ ელექტრონული ქვითრის ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნის მომსახურება. დარღვევები დაფიქსირდა მომარაგების შეწყვეტა/აღდგენის მომსახურებასთან დაკავშირებითაც. მომსახურების ცენტრებში არ იყო განთავსებული/ხელმისაწვდომი სემეკის ნორმატიული აქტებით და გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული ღია (საჯარო) ინფორმაცია.

 რაც შეეხება ინდივიდუალური ხასიათის დარღვევებს, ცალკეულ კომპანიებში დაფიქსირდა მიერთების საფასურის წინასწარ მოთხოვნის, მომსახურების ვადის არასწორად განსაზღვრის, მომარაგების არასწორად შეწყვეტა/აღდგენის ფაქტები, რაც წარმოადგენს სემეკის რეგულაციების დარღვევას. 

 განხორციელებული კვლევის ერთ-ერთ სამიზნეს წარმოადგენდა წინა კვლევების დროს გამოვლენილი დარღვევების გადამოწმება. შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე დადგინდა, რომ დარღვევები არ განმეორებულა. ასევე, წინა კვლევებზე გამოვლენილი დარღვევების გამოსასწორებლად გატარებულია ეფექტური ღონისძიებები  არა მარტო იმ კომპანიების მიერ, რომლებიც წინა კვლევით უშუალოდ შემოწმდნენ, არამედ იმ კომპანიების მიერაც, რომლებსაც კვლევის შედეგები და კომისიის რეკომენდაციები გაეგზავნათ გასათვალისწინებლად.

 სატენდერო პირობების საფუძველზე, სემეკის დაკვეთით კვლევა განახორციელა შპს „4 სერვის ჯი სეილსმა“.