09.06.2023 რელიზი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საგარეჯოში მელიორაციის რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. კომისიის თავმჯდომარესთან ერთად წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საპილოტე პროექტს გაეცნენ მარეგულირებელი კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე და კომისიის აპარატის წარმომადგენლები. პროექტი განხორციელდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, მელიორაციის სექტორის განვითარებისთვის წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია.
„წყალმომხმარებელთა ორგანიზაციები ფერმერებისთვის იქნება სარწყავი წყლის უწყვეტი, საიმედო და ოპტიმალური გამოყენების ერთგვარი შესაძლებლობა. ასეთი ორგანიზაციები მელიორაციის სექტორის თანამედროვე რეგულირების ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილია, რასაც მოწმობს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო გამოცდილებაც. აქედან გამომდინარე, საქართველოში ფერმერებმა უნდა იზრუნონ ასეთი ორგანიზაციების ჩამოყალიბებაზე“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, მელიორაციის სექტორის ეფექტიანი რეგულირებისათვის მარეგულირებელ კომისიაში სხვადასხვა წესსა და მეთოდოლოგიაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
„ამჟამად, კომისიაში ვმუშაობთ პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიაზე, რომლის საფუძველზეც მარეგულირებელი კომისია მიმდინარე წლის ბოლოს მელიორაციის სექტორისთვის ტარიფებს დაადგენს. ამასთანავე, მუშავდება წყლის მიწოდების წესები, რომელიც პირველად წყალმოსარგებლესა და ირიგაციის სისტემით მოსარგებლეთა შორის წყლის მიწოდებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს დაარეგულირებს. მიმდინარე წელს დამტკიცდება პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასთან/სხვა წყალმომხმარებელთან გასაფორმებელი მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტული პირობები,“ - აღნიშნა მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ.