10.05.2022 რელიზი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რიგით მეხუთე თვინინგის პროგრამა დაიწყო, რომლის მიზანიც მარეგულირებელი კომისიისთვის დიგიტალიზაციის სტრატეგიის შემუშავებაა. პროგრამის ფარგლებში კომისიაში გამართული პირველი შეხვედრა გახსნეს მარეგულირებელი კომისიის წევრმა გიორგი ფანგანმა და საქართველოში ევროდელეგაციის წარმომადგენელმა ანდრეი ბარტოსიევიჩმა.
„დიგიტალიზაცია წარმოადგენს ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს მარეგულირებელი კომისიისთვის. ამიტომ, სათანადო მარეგულირებელი ჩარჩოს არსებობა, მონაცემების ეფექტიანი და უსაფრთხო დამუშავება, ისევე როგორც დიგიტალიზაციის სტრატეგიის შემუშავება უაღრესად მნიშვნელოვანია. მოხარული ვარ, რომ პროექტს განახორციელებენ ექსპერტები, რომლებსაც ამ კუთხით საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ“, - განაცხადა გიორგი ფანგანმა.
პროგრამის - „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მხარდაჭერა დიგიტალიზაციისთვის შესაბამისი გარემოს შექმნისა და დიგიტალიზაციის სტრატეგიის შემუშავების შესახებ“ ხანგრძლივობაა 8 თვე, ხოლო მისი ბიუჯეტი 250 000 ევროს შეადგენს. პროექტის განმახორციელებელია იტალიის ენერგეტიკული მომსახურების სამსახური (GSE). საქართველოს მხრიდან პროგრამას ხელმძღვანელობს კომისიის წევრი, გიორგი ფანგანი.