10.09.2021 რელიზი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა და ღვაწლმოსილ ენერგეტიკოსებს, სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მადლობის სიგელები გადასცა. ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ენერგეტიკოსებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა, კომისიის წევრებმა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა და საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ხელმძღვანელმა პირებმა. ასევე, ღონისძიების მონაწილეებს მიულოცეს ეკონომისტის დღე.
თავმჯდომარემ მადლობის სიგელები გადასცა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისა და მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლებს. გარდა ამისა, წელს პირველად, დავით ნარმანიამ დააჯილდოვა წყალმომარაგების სექტორის წარმომადგენლებიც. მადლობის სიგელები გადაეცათ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ღვაწლმოსილ სპეციალისტებს.
„ენერგეტიკოსის დღეს ვულოცავ ყველა ენერგეტიკოსს. ენერგეტიკის სექტორისათვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მე, როგორც მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, დაინტერესებული ვარ, რომ რაც შეიძლება მეტად შეეწყოს ხელი ახალგაზრდა ენერგეტიკოსების განათლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას. ასევე, ვულოცავ საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის დაარსებიდან 15 წლის იუბილეს" - განაცხადა დავით ნარმანიამ.