11.03.2020 რელიზი

11 მარტი, 2020

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2020 წლის11 მარტის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელა.

კომისიის გადაწყვეტილებით, სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სს „ენერგო პრო ჯორჯია“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 5000 ლარით დაჯარიმდა. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს კომპანიის მიერ კომისიის ელექტრონულ ჟურნალში არასწორი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ატვირთვა, მიერთების სამუშაოების არაჯეროვანად შესრულება. ასევე, გარანტირებული სტანდარტების დარღვევის გამო, კომპანიას კონკრეტული მომხმარებლებისათვის კომპენსაციების გადახდა დაევალა.

კომისიაში დანერგილია ელექტრონული ჟურნალი-პროგრამული უზრუნველყოფა, რომელის საშუალებითაც კომისია რეალურ დროში აკონტროლებს რეგულირებადი კომპანიების მიერ გაწეულ მომსახურებას. შესაბამისად, კომისიამ გადაამოწმა სს „ენერგო პრო ჯორჯიას“  მიერ ელექტრონულ ჟურნალში ასახული ცალკეული ინფორმაცია, კერძოდ 31 ობიექტის ქსელზე მიერთების სამუშაოების შესახებ. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ მიერთების თაობაზე ჟურნალში მოცემული ინფორმაცია არ ასახავდა რეალობას 19 ობიექტზე, ასევე განხილულ შემთხვევებში მიერთების სამუშაოების დროს დარღვეული იყო ტექნიკური ექსპლუატაციის ნორმები. შესაბამისად, კომპანიას დარღვევების გამოსწორების მიზნით განესაზღვრა ერთი თვე.  სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ერთ თვიანი პერიოდის გასვლის შემდგომ ახალი მომხმარებლის მიერთებისას ელექტრონულ ჟურნალში კვლავ ასახა მცდარი ინფორმაცია, ასევე ქსელში გამოვლინდა სხვადასხვა ტექნიკური დარღვევები.

ასევე, 11 მარტს კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები შპს „ყამარი მ“-სთვის, შპს „მამედისთვის“, შპს „ინტერ გაზისთვის“ შპს „ენერგია +“-სთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარების და სამომხმარებლო ტარიფების დადგენის მიზნით.   

ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ მცირე კომპანიებს სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე ტარიფები პირველად დაუდგინდებათ. კომისიაში წინადადების წარმოდგენის ვადად განისაზღვრა მიმდინარე წლის 8 აპრილი, ხოლო კომისიის მიერ გადაწყვეტილებების მიღების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის ბოლო ვადად შპს „მამედისთვის“ მიმდინარე წლის 14 აგვისტო, შპს „ენერგია +“-სთვის,  შპს „ყამარი მ“-სთვის 17 აგვისტო; შპს „ინტერ გაზისთვის“ – 21 აგვისტო.