11.05.2023 რელიზი

11 მაისი, 2023

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ სს „ენერგო პრო ჯორჯია“, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 75000 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს სალიცენზიო პირობების, ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმების უხეში დარღვევა, კომისიისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება.   

მარეგულირებელი კომისიაში შემოსული რამდენიმე კომპანიის მომართვის საფუძველზე, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ დაევალა სოფელ სართიჭალაში ხარისხთან შეუსაბამო ელექტროენერგიით მომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება. მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლების მიერ ადგილზე საკითხის შესწავლისას დაფიქსირდა, რომ გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმები უხეშად იყო დარღვეული, მათ შორის დაბალი ძაბვის გამანაწილებელ ქსელში არსებულ საყრდენებზე განთავსებული მრიცხველების კარადები არ იყო დაკეტილი და წვდომა შეეძლო ნებისმიერ პირს, რიგ შემთხვევებში დაზიანებული იყო კაბელების იზოლაცია და წარმოადგენდა საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისთვის. ამასთან, საბავშვო მოედანთან განთავსებულ საყრდენზე მოწყობილი აღრიცხვის კარადები არ იყო დაკეტილი და შეინიშნებოდა შემავალი და გამავალი კაბელების იზოლაციის დაზიანებები.

მარეგულირებელმა კომისიამ სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ დაავალა დარღვევების სრულად გამოსწორება. განსაზღვრულ ვადებში ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიამ კომისიამ აცნობა შესაბამისი სამუშაოების დასრულებისა და პრობლემის მოგვარების შესახებ, თუმცა, სემეკის მიერ ხელახალი გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ არ ჰქონდა სრულად შესრულებული გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმების შესაბამისობასთან მოყვანის სამუშაოები.

მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, დარღვევების აღმოსაფხვრელად სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ დამატებით განესაზღვრა ვადა. კომპანიამ მიმდინარე წლის პირველ ივნისამდე კომისიაში უნდა წარადგინოს დეტალური ინფორმაცია სრულად შესრულებული სამუშაოების შესახებ.