11.06.2025 რელიზი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ენერგეტიკის რეგულირების შესახებ პირველი ანალიტიკური ჟურნალი გამოსცა. ჟურნალში განთავსებული პუბლიკაციები შეეხება რეგულირებად სექტორებში განხორციელებული პროექტების შეფასებას, მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის ძირითადი პრინციპების მიმოხილვასა და ინოვაციურ პროექტებს.
ჟურნალში - „ენერგეტიკის რეგულირება“ ყურადღება გამახვილებულია ელექტროენეგრეტიკის სექტორში სატარიფო რეგულირების, წყალმომარაგების სექტორში არსებული მდგომარეობისა და გამოწვევების, არამიზანშეწონილი საოპერაციო დანახარჯებისა და ხარჯების ოპტიმიზაციის, მომსახურების სფეროში არსებული სიახლეებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე.
კომისიის თავმჯდომარის დავით ნარმანიას თქმით, ანალიტიკური ჟურნალი მარეგულირებელი კომისიის საჯაროობისა და ღიაობის პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს:
„ჟურნალის საშუალებით შევეცადეთ, რომ დაინტერესებულ პირებს გავუზიაროთ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში დაგროვილი ცოდნის შესახებ. ჟურნალში მიმოხილულია რეგულირებადი სექტორების ძირითადი მიღწევები, გამოწვევები და მათ გადაჭრის გზები.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების ეფექტიან რეგულირებასთან ერთად კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით, რომლებიც საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავს როგორც სექტორების განვითარებას, ასევე მომხმარებლებისათვის ხარისხიანი პროდუქტის მიწოდების უზრუნველყოფას. წლებია, მარეგულირებელი ურყევად ინარჩუნებს საჯაროობისა და გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტს და აგრძელებს უწყვეტ თანამშრომლობას დაინტერესებულ პირებთან. კომისიის საქმიანობის მთავარი პრინციპი ნათლად არის ასახული სლოგანში „როცა ბალანსი დაცულია“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ ანალიტიკური ჟურნალის პრეზენტაციისას.
ანალიტიკური ჟურნალი განთავსებულია კომისიის ვებგვერდზე: https://gnerc.org/ge/media/journal









GNERC ყველა უფლება დაცულია © 2019