1.11.2022 რელიზი

1 ნოემბერი, 2022

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა და კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს კომისიის წევრმა გიორგი ფანგანმა და კიბერუსაფრთხოების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკოლოზ გაგნიძემ.

მემორანდუმის მიზანია კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება, კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაციული შეხვედრების, სწავლებისა და ტრენინგების ერთობლივი ორგანიზება, კიბერუსაფრთხოების მდგრადობისა და ინფორმაციული საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერება. მხარეები ითანამშრომლებენ კიბერუსაფრთხოების საკომუნიკაციო სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში და უზრუნველყოფენ კიბერუსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ერთობლივი კვლევების განხორციელებას.

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებისთვის კიბერუსაფრთხოება უმნიშვნელოვანესი საკითხია. მარეგულირებელ კომისიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კიბერუსაფრთხოების თემატიკას. უნდა აღინიშნოს, რომ კომისიის თანამშრომელთა მიერ შემუშავებული და დანერგილია მომსახურების ხარისხის პროგრამა, რომლის საშუალებითაც დროის პირდაპირ რეჟიმში ხდება კომპანიასა და მომხმარებელს შორის ურთიერთობის მონიტორინგი. კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობა უზრუნველყოფს კომისიის მიერ რეგულირებად სექტორებში საკითხის კიდევ უფრო გააქტიურებას. ასოციაციასთან ერთად ვგეგმავთ არაერთი მნიშვნელოვანი სასწავლო პროექტის განხორციელებას, რომლის მიზანიც იქნება როგორც სამიზნე ჯგუფების საინფორმაციო დონის ამაღლება, ასევე ინოვაციური პროექტების დანერგვა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში ციფრული მომსახურებების მიმართულებით“,- აღნიშნა გიორგი ფანგანმა.