12.02.2020 რელიზი

12 თებერვალი, 2020

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის  თავმჯდომარე, დავით ნარმანია ბუნებრივი გაზის მოხმარებისა და უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ ახალ საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთო.  შპს „თბილისი ენერჯის“ მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში პირველი შეხვედრა ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობასთან გაიმართა. კომპანიის წარმომადგენლებსა და კომისიის თავმჯდომარესთან ერთად საინფორმაციო კამპანიაში ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმაც მიიღო მონაწილეობა. 

„კომისია მხარს უჭერს ასეთი ტიპის საინფორმაციო კამპანიებს. მნიშვნელოვანია, ყველა მომხმარებელი იყოს სათანადოდ ინფორმირებული CO-ს დაგროვების საფრთხესა და ბუნებრივი გაზის სიცოცხლისთვის საშიში დანადგარების შესახებ. ყოვლად დაუშვებელია, როდესაც მოსახლეობა თვითნებურად, კუსტარულად აერთებს ქსელიდან ჩახსნილ, ბუნებრივი გაზის სიცოცხლისათვის საშიშ  დანადგარს, რომელიც კომპანიამ შეამოწმა და სწორად იმიტომ ჩახსნა ქსელიდან, რომ დაეცვა მოსახლეობა შესაძლო რისკებისგან. აუცილებელია, რომ დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები“, - აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.          

სხვადასხვა საინფორმაციო აქტივობებთან ერთად შპს „თბილისი ენერჯიმ“ უსაფრთხოების კამპანია საჯარო სკოლებშიც დაიწყო, რომლის ფარგლებშიც სპეციალისტები უფროსკლასელებისთვის გაზის უსაფრთხო მოხმარებაზე სპეციალურ სწავლებას ჩაატარებენ.