ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

13.12.2018 რელიზი

13 დეკემბერი, 2018



იუსტიციის სახლში, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში აბონენტად რეგისტრაციის ცვლილების მომსახურებას, უძრავ ქონებაზე არსებული დავალიანების გადამოწმების ფუნქცია დაემატა. უძრავ ქონებაზე საკუთრების ან დროებით სარგებლობის უფლების რეგისტრაციისას, თუ პირი იმავდროულად მოითხოვს კომუნალურ საწარმოებში (მაგალითად, „ყაზტრანსგაზ თბილისი“, „თელასი“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“) აბონენტად რეგისტრაციას, ის შეძლებს გადაამოწმოს ფართზე არსებული დავალიანება, რათა შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული გაუთვალისწინებელი პრობლემები.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის და იუსტიციის სახლის თანამშრომლობის შედეგად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ უძრავი ქონების შესყიდვისას, „იუსტიციის სახლში“ განცხადების ჩაბარებით იმავდროულად მიმართონ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორის კომპანიებს და ერთი კონტაქტის პრინციპით მოითხოვონ ამ ობიექტზე აბონენტად რეგისტრაციის ცვლილება.

მოქალაქეებისათვის სწრაფი და გამარტივებული მომსახურებების შეთავაზების მიზნით, კომისიამ უზრუნველყო ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი შვიდი ყველაზე მსხვილი კომპანიის - თელასი, ჯორჯიან უოთერ ანდ ფაუერი, ყაზტრანსგაზ-თბილისი, ენერგო-პრო ჯორჯია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, სოკარ ჯორჯია გაზი და საქორგგაზი - პროექტში ჩართულობა. იუსტიციის სახლში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში აბონენტად რეგისტრაციის ცვლილების მომსახურება მიმდინარე წლის 21 ნოემბრიდან ამოქმედდა და დღემდე ამ სერვისით უკვე 1000-მდე მოქალაქემ ისარგებლა.