14.11.2023 ანონსი

16-18 ნოემბერს, საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის აღსრულებისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ რიგით II საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, სადაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის ხელშემწყობი მექანიზმების შესახებ მოხსენებით წარდგება. ასევე, ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირები.
საერთაშორისო კონფერენცია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, მარეგულირებელი კომისიის, ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიისა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 20-მდე დელეგაცია სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საკანონმდებლო და საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები.
მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ პანელურ დისკუსიებში და წარადგენენ პრეზენტაციებს ენერგეტიკის ბაზრის ლიბერალიზაციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ.
5 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებული ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების დაცვის გაუმჯობესება.