14.12.2022 რელიზი
.jpg)
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა, გიორგი ფანგანმა ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილება. ასამბლეაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიების ხელმძღვანელი პირები.
გიორგი ფანგანის თქმით, CEER უმსხვილესი ევროპული ენერგეტიკული ორგანიზაციაა, რომლის დამკვირვებლის სტატუსიც მარეგულირებელ კომისიას აქვს მინიჭებული.
„მარეგულირებელი კომისია 2017 წელს გახდა უმსხვილესი ენერგეტიკული ორგანიზაციის დამკვირვებელი, აღნიშნული სტატუსის მოპოვება გვეხმარება ევროპის ენერგეტიკული კანონმდებლობის იმპლემენტაციაში, ინტეგრირებული ბაზრების განვითარებასა და მარეგულირებელი საქმიანობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაში. ზოგადად, მარეგულირებელი კომისია აქტიურადაა წარმოდგენილი საერთაშორისო ენერგეტიკულ ორგანიზაციებში და ჩვენი მისწრაფებაა, რომ კიდევ უფრო მეტად წარმოვაჩინოთ ქართული მარეგულირებლის განვითარების მაჩვენებლები ევროპელ კოლეგებთან, გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება, მათ შორის ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის მიმართულებით“, - აღნიშნა გიორგი ფანგანმა.
13 დეკემბერს, ქ. ბრიუსელში ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) რიგით 175-ე გენერალური ასამბლეა გაიმართა, სადაც მონაწილეებმა განიხილეს 2023 წლის სამუშაო გეგმა, გამანაწილებელი სისტემების, გაზის ბაზრის ინტეგრაციისა და გამჭვირვალობის საკითხები, მოისმინეს ინფორმაცია მომხმარებელთა და საცალო ბაზრების, ელექტროენერგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ჯგუფების მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. გიორგი ფანგანთან ერთად ასამბლეას ასევე დაესწრო მარეგულირებელი კომისიის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი, მარიამ იოსელიანი.