15.03.2026 რელიზი
15 მარტს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქ. ბათუმში მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, სხვადასხვა სექტორში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.
შეხვედრაზე სიტყვით წარდგნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები და მარეგულირებელი უწყებების ხელმძღვანელი პირები.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით მარეგულირებელი კომისიის საქმიანობაზე:
„მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლის უფლება დაცული იყოს ყველა სექტორში. შესაბამისად, აუცილებელია მომხმარებლის ინფორმირება მის პასუხისმგებლობაზე, ასევე კომუნალური კომპანიის ვალდებულებებზე. მარეგულირებელი კომისიის მიზანია, რომ მინიმუმამდე დავიდეს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომუნალური მომსახურების სექტორებში არსებული ხარვეზები, შემცირდეს წყვეტების ხანგრძლივობა და სიხშირე. ხაზგასასმელია რეგულაციების ეფექტიანობა. ნებისმიერი რეგულაცია, რომელსაც კომისია შეიმუშავებს მომხმარებლის საუკეთესო ინტერესს ემსახურება“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა სხვადასხვა რეგულაციაზე, რომელიც ხელს უწყობს ეფექტიანი პროექტების განხორციელებას:
„საგულისხმოა, რომ მარეგულირებელმა კომისიამ არაერთი ახალი რეგულაცია აამოქმედა. მათ შორის, აღსანიშნავია საერთო ცენტრალური გათბობის სისტემების რეგულაცია, რომლის საფუძველზეც მრავალბინიან სახლებში წარმატებით მიმდინარეობს საერთო ცენტრალური გათბობის სისტემების მოწყობა. რამდენიმე ობიექტზე უკვე დასრულდა ჭკვიანი თბომრიცხველების მონტაჟი და დაიწყო ცენტრალური გათბობის სისტემის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საერთო მოხმარებიდან საყოფაცხოვრებო წილის გამოყვანა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ბუნებრივი გაზის გადასახადს მომხმარებლისთვის, “ - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, მარეგულირებელი კომისია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხების შესახებ საზოგადოების ცოდნის დონის ამაღლებას. ამ მიზნით, კომისიის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 2025 წელს 5000-მდე პირს ტრენინგები ჩაუტარდა.
9-16 მარტს ექვსი მარეგულირებელი უწყების - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეული მიმდინარეობს. კვირეულის მიზანს წარმოადგენს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.









GNERC ყველა უფლება დაცულია © 2019