15.07.2021 რელიზი

15 ივლისი, 2021

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შეუსრულებლობის გამო, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი 8 მცირე კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმა. თითოეულ კომპანიას 5 000 ლარიდან 50 000 ლარამდე ოდენობის ჯარიმა განესაზღვრა, რამაც ჯამში 130 000 ლარი შეადგინა. დარღვევების აღმოსაფხვრელად კომპანიებს ერთ თვიანი ვადა მიეცათ.

15 ივლისის საჯარო სხდომაზე კომისიამ განიხილა შპს „გაზმშენის“, შპს „მამედის“, შპს „გაზტრანს სერვისის“, შპს „ჩირაღდანის“,  შპს „აკრიანი 2006“-ის, შპს „გამას“, შპს „ენერგია+“-ის და შპს „დი-ვი-ეს"-ის შემოწმების შედეგები, რომლებიც მიზნად ისახავდა კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების პროცესის, მომსახურების ხარისხის სტანდარტების დაცვისა და კომისიის მოთხოვნების შესრულების შემოწმებას.

შემოწმებისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ გაზგამანაწილებელი კომპანიები არაჯეროვნად ასრულებენ და რიგ შემთხვევებში, საერთოდ არ ასრულებენ ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობასთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრულ ფუნქციებს. მათ შორის, ზოგიერთ კომპანიას არ გააჩნია ცხელი ხაზი, სადღეღამისო საავარიო სამსახური, ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის სამსახური. 

კომისიამ 50 000 ლარით დააჯარიმა შპს „მამედი“, რომელიც ოპერირებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. ყიზილაჯლოში. კომპანია მომხმარებლებს ბუნებრივ გაზს აწვდიდა მის მიერ თვითნებურად დადგენილი ტარიფით - 57 თეთრი/მ3-ით, ნაცვლად კომისიის მიერ დადგენილი ტარიფისა, რომელიც შეადგენს 47 თეთრს/მ3-ზე. კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „მამედმა“ უნდა უზრუნველყოს მომხმარებლების მიერ ზედმეტობით გადახდილი თანხების მათთვის უკან დაბრუნება.   

კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიების მხრიდან დარღვევების განმეორების შემთხვევაში, კომისია იმსჯელებს მათზე გაცემული ლიცენზიების გაუქმების თაობაზე.