15.12.2023 რელიზი

15 დეკემბერი, 2023

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, 6 წლით, გივი სანიკიძე აირჩია.  იგი პირველი ვადით დაიკავებს კომისიის წევრის პოზიციას. 

კომისიის წევრის ვაკანტურ პოზიციაზე გივი სანიკიძის კანდიდატურა შეირჩა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ღია კონკურსის საფუძველზე. სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატი საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარედგინა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ.

გივი სანიკიძეს მინიჭებული აქვს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის დოქტორის აკადემიური ხარისხი, მაგისტრის ხარისხები ფინანსებსა და კრედიტებში, ასევე ეკონომიკაში, არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. იგი მარეგულირებელ კომისიაში საქმიანობს 2011 წლიდან - იყო კომისიის ფინანსური ანალიზის სამმართველოს უფროსი, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ხოლო 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტს. გივი სანიკიძე აქტიურად არის ჩართული მარეგულირებელი კომისიის სატარიფო მეთოდოლოგიების შემუშავებასა და რეგულირებად სექტორებში სატარიფო პოლიტიკის განსაზღვრაში, მისი ხელმძღვანელობით ყოველწლიურად ხორციელდებოდა ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი რეგულირებული კომპანიების დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტი და ტარიფების გაანგარიშების პროცესი. გივი სანიკიძე არის მოწვეული ლექტორი ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში. 2011 წლამდე სხვადასხვა პერიოდში იგი საქმიანობდა შპს „ვარციხე 2005“-ში, იყო საქართველოს ბანკის ფოთის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელი, საქართველოს ბანკის ქუთაისის რეგიონალური ფილიალის ანგარიშთა მმართველი.