16.11.2022 რელიზი

16 ნოემბერი, 2022

ხუთი მარეგულირებელი უწყების ორგანიზებით საქართველოში პირველად მიმდინარე კონკურენციის საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრმა, სალომე ჯანელიძემ პანელურ დისკუსიას მოდერაცია გაუწია და პრეზენტაცია წარადგინა.

სალომე ჯანელიძემ პრეზენტაციის ფარგლებში ისაუბრა მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და ენერგეტიკის სექტორში აღსრულების საკითხებზე. მათ შორის, ყურადღება გაამახვილა მომხმარებლებს, ლიცენზიატებსა და მიმწოდებლებს შორის ურთიერთობის რეგულირების, მოწყვლადი მომხმარებლების დაცვის, მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი მომსახურების სტანდარტებისა და მათი შესრულების ეფექტიანი მონიტორინგის შესახებ.

სალომე ჯანელიძის მოდერატორობით გამართულ პანელური დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს მომხმარებლების დაცვის მექანიზმები ევროპაში, „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სიახლეები და მათი პრაქტიკული მნიშვნელობა. გარდა ამისა, იმსჯელეს საბანკო სფეროსა და დიგიტალურ ტრანზაქციებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ.

16-17 ნოემბერს საქართველოში პირველად, კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომლის 200-მდე მონაწილე მსჯელობს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებზე კონკურენციის სამართლის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმებისა და მარეგულირებელი უწყებების მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ. კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო, მარეგულირებელი კომისია, კომუნიკაციების კომისია, ეროვნული ბანკი და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური.