17.10.2022 რელიზი

17 ოქტომბერი, 2022

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანაიმ  საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში წარადგინა. დავით ნარმანიამ ისაუბრა 2021 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე, მომხმარებელთა ინტერესების დაცვასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში. კომისიის თავმჯდომარემ დეტალურად უპასუხა დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს, რომლებიც რეგულირებად სექტორებში ქსელზე მიერთებისა და მომსახურების ხარისხის საკითხებს უკავშირდებოდა. მარეგულირებელი კომისიის მიერ გაწეული საქმიანობასა და  სამომავლო ხედვებს კომიტეტმა დადებითი შეფასება მისცა.  

დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ ხშირია სპეკულაციები საქართველოში რუსეთიდან ბუნებრივი გაზის გაზრდილ იმპორტზე, რაც რეალობას არ შეესაბამება. მისი თქმით,  საქართველოში ბუნებრივი გაზის ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანია, რომელიც საქართველოს გაზის მოხმარების 90%-ზე მეტს აკმაყოფილებს. თავმჯდომარემ ისაუბრა სატარიფო რეგულირების საკითხზეც და აღნიშნა, რომ საქართველოში როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი გაზის ტარიფი ერთ-ერთი დაბალია განსაკუთრებით,  ევროპის ქვეყნების ტარიფებთან შედარებით. 

„მარეგულირებელ კომისიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მომხმარებელთა ინტერესების დაცვას. 2021 წლის პირველი იანვრიდან დღემდე მოქალაქეებს ჩამოვაწერეთ კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული 4 მილიონ ლარზე მეტი, ასევე სხვადასხვა მომსახურებების სტანდარტის დარღვევის გამო, კომისიის წესების შესაბამისად კომპანიებმა მოქალაქეებზე ჯამში 600 ათასზე მეტი ლარის კომპენსაცია გასცეს. მარეგულირებელმა კომისიამ შეიმუშავა მომხმარებელთა დაცვის დამატებითი მექანიზმები, იმისთვის რომ თითოეულმა მოქალაქემ მიიღოს მასზე მორგებული მაღალი ხარისხის მომსახურება. საკმაოდ მკაცრი მიდგომები გვაქვს კომპანიების მიმართ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით და ნებისმიერი გადაცდომისას კომისია იმსჯელებს კანონმდებლობის შესაბამისად“, - განაცხადა დავით ნარმანიამ მარეგულირებელი კომისიის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას.