18.03.2024 რელიზი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ დადებითად შეაფასეს. ხარისხის მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო მასერტიფიცირებელი ორგანიზაციის “TÜV NORD CERT GMBH“-ის მიერ ჩატარებული საერთაშორისო გარე აუდიტის საფუძველზე, მარეგულირებელმა კომისიამ ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო. სერტიფიკატი ძალაშია მომდევნო 3 წლის მანძილზე, 2027 წლამდე.
ISO 9001:2015 - ხარისხის მართვის სისტემის უნივერსალური სტანდარტია, რომლის ძირითადი პრინციპებია მომხმარებელზე ორიენტაცია, მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება, პროცესუალური მიდგომების დახვეწა, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.
ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატის მისაღებად შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას ინიციატივითა და კომისიის წევრთა აქტიური ჩართულობით მიმდინარეობდა.
„სასიხარულოა, რომ მარეგულირებელ კომისიას უკვე მეორედ მიენიჭა ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატი, რაც წარმოადგენს კიდევ ერთ დასტურს იმისა, რომ კომისიის საქმიანობის ხარისხი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კომისია დღეისთვის მსოფლიო მარეგულირებელ უწყებებს შორის ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა, რასაც მოწმობს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მარეგულირებელი კომისიისათვის მინიჭებული უფლებამოსილება, 2026 წელს საქართველოში უმასპინძლოს ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმს. ჩემი და ჩემი გუნდის ამოცანაა, განვაგრძოთ განვითარება და ყოველწლიურად დავხვეწოთ სემეკის საქმიანობის ხარისხი“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სერტიფიკატი კომისიას პირველად 2020 წელს მიენიჭა. საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, კომისია ხარისხის მართვის საკონტროლო აუდიტს ყოველწლიურად ატარებს.